ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩხაიძე: ვაქცინა არ არის პური, წახვიდე, იყიდო და მოიტანო

“2021 წლის ბოლოს 60% თუ არ გვექნება ვაქცინირებული, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ ჩავარდა. იცით რატომ მაქვს იმედი? ორი რამ მაძლევს ამის უფლებას, პირველი, მოსახლეობის ძალიან დიდი სურვილი და მოლოდინი, უფრო მეტი, ვიდრე გვეგონა, რომ მათ ვაქცინის გაკეთება უნდათ. თუმცა, აქ ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვფიქრობ, მოსახლეობის მინიმუმ, 20-30% გვყავს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, გაიკეთოს თუ არა ვაქცინა. 20%, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთებს, ამათთან მუშაობას აზრი არ აქვს, 30-40% იყო თავიდან, რომელმაც პირველივე დღიდან განაცხადა, რომ ელოდება ვაქცინას და გაიკეთებს”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ვაქცინების მომარაგებაში დაბრკოლებაა, თუმცა, ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ საქართველო არ არის. როგორც ჩხაიძე განმარტავს, ყველა ღარიბი ქვეყანა განიცდის ვაქცინების უკმარისობას.

“გვრჩება მერყევი მოსახლეობა, ამ მერყევ მოსახლეობას დღევანდელი სიტუაცია ხელს უშლის… პირადად ვიცი ბევრი ექიმი, მათ შორის, ჩვენს კლინიკაში, რომელიც არ იკეთებს აცრას არა იმიტომ, რომ არ უნდა, არამედ, ელოდება „ფაიზერს”. „ფაიზერის” მოლოდინი არის დროში გაწელილი. ვაქცინა არ არის პური, წახვიდე, იყიდო და მოიტანო, ძალიან ბევრი ამას ასე უყურებს – ჩადე ჩემოდანში ფული, წადი, იყიდე და დამთავრდა ყველაფერი. არ არის ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა, დღეს, ყველა ღარიბი ქვეყანა განიცდის ვაქცინების უკმარისობას. ჩვენთვის ყველაზე მთავარი გადამწყვეტი იქნება ივლისი, აგვისტო, სექტემბერი”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ

იტვირთბა....