ახალი ამბები საზოგადოება

1 ივლისიდან თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია იცვლება

1 ივლისიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას განახორციელებს – თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია – „თელმიკო“. აღნიშნული კომპანია აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად მოემსახურება. „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს“ აბონენტი. ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება განპირობებულია, ენერგო სექტორის მასშტაბური რეფორმით, რომლის ფარგლებშიც, საქართველო, ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ მოდელზე გადადის.

აღნიშნული ცვლილება  მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის. მოსახლეობამ, მხოლოდ ის  უნდა გაითვალისწინოს, რომ ივლისის თვეში მომხმარებელი მიიღებს 2 ქვითარს:

  • 1 ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებს „თელასისგან“
  • 1 ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებს „თელმიკოსგან“.

შესაბამისად, მომხმარებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება შემდეგ გარემოებას:  ივნისის დავალიანება უნდა გადაუხადოს „თელასს“, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება  დაფაროს „თელმიკოსთან“.

მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვითრის ჯამური თანხა არ გადააჭარბებს ელექტროენერგიის თვიური გადასახადის სტანდარტულ მოცულობას.

აღნიშნული სქემა მხოლოდ ივლისის თვეში, ანუ გარდამავალ პერიოდში მოქმედებს. შემდგომში,  მომხმარებელისთვის უცვლელად რჩება ქვითრის მიწოდების სისტემა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდის არხებიც.

თელასის მომხმარებელთა დეპოზიტები, ავტომატურად გადადის კომპანია „თელმიკოში“ და მომხარებლის სააბონენტო ბარათზე აისახება.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი არ გამოიწვევს   ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებას.

იტვირთბა....