პარტია ხალხისთვის პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ:
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი სახელმწიფო, სადაც ყველა, კანონმორჩილი ადამიანი თავს გრძნობს რეალიზებულად და კომფორტულად. შესაბამისად, საქართველოში ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა, რელიგიური მრწამსისა თუ ეთნიკური კუთვნილების, აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი. ასევე, სავალდებულოა, ამ მიმართულებით გამოვლინდეს ყველა დანაშაულებრივი ფაქტი, ჩატარდეს გამოძიება და მიეცეს შესაბამისი შეფასება. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება და სამართალდამცველი უწყებები ამ მოვალეობას დღემდე არ ასრულებენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობა, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით არის განმტკიცებული და აღიარებულია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეცედენტებით.
თუმცა, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება სხვა უფლებისგან განსხვავებით. ის არის შეზღუდული საზოგადოებრივი წესრიგის ფასეულობით, როგორც ჩვენ კონსტიტუციაში, ასევე საერთაშორისო სამართალშიც.
ფაქტია, დღეს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი პრაიდს აღიქვამს ძალიან მგრძნობიარედ. ამ დროს, სამწუხაროდ, ჩვენ სახელმწიფოს არ გააჩნია შესაძლებლობა, მშვიდობიანად და ცივილიზებულად გადაწყვიტოს კონფლიქტი ორ ფასეულობას შორის, რათა დაცული იყოს მთავარი ფუნდამენტი – ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისათვის, პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისი პრაიდის კვირეული გაიმართება.