შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ უბნის ინსპექტორს გამომძიებლისა და ოპერატიული მუშაკის ფუნქციები აღარ ექნება.
მისი თქმით, უბნის ინსპექტორი იქნება როგორც მეგობარი და მას ოპერატიული მუშაკის ფუნქციები აღარ ექნება.
მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შსს-სთვის ოჯახში მომხდარ დანაშაულზე რეაგირება და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა; ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა – ამ სფეროში არსებული ნიშნულის შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება; ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და პრევენცია, ასევე, ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა და მათზე რეაგირება კვლავ პრიორიტეტად რჩება.
“უწყებისთვის ასევე პრიორიტეტს წარმოადგენს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა სტანდარტის განუხრელი დაცვა და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთათვის არსებული პირობების შემდგომი გაუმჯობესება; შეურიგებელი ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ნარკოტრაფიკის აღკვეთა, სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ მიღწეული შედეგების შენარჩუნება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კონტროლი და საზოგადოებრივ წესრიგზე მათი ზეგავლენის შემცირება; პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნება და ამ მიმართულებით სამინისტროს მიდგომების კიდევ უფრო დახვეწა; საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა და მისი ჩართულობის გაზრდას დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის საქმეში. ჩვენი მიზანია საზოგადოებას სჯეროდეს პოლიციის, ენდობოდეს პოლიციას და თითოეული პოლიციელი გრძნობდეს მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან”, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.