პარტია საქართველოსთვის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ბათუმში, მათი ოფისის მეპატრონის პოზიცია, რომ მათმა პარტიამ ოფისი დატოვოს, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგია. როგორც მიქელაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, პარტია საქართველოსთვის ბათუმში დაკავებულ ოფისს დატოვებს.
“დღეს ვიხილეთ, რომ სახელისფლებო მედიის საშუალებით ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომლისგანაც ჩვენ გვქონდა ოფისი ნაქირავები, ამ ადამიანთან გუშინაც კი გვქონდა კომუნიკაცია და ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი გუნდისა და პარტიისადმი, მხოლოდ დღეს შეიცვალა მისი პოზიცია. მიზეზად კი დასახელდა ის ფაქტი, რომელიც იმავე მედიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე.
მთელი რეგიონის მასშტაბით, ჩვენ ვაპირებთ ბევრი ოფისის გახსნას და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანები ღიად გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, მოგვაქირაონ ოფისი, ვერ ახერხებენ, იმ დაშინების და შანტაჟის გამო, რომელიც მიმართ ხორციელდება.
ჩვენ, აბსოლუტურად, გვესმის მისი და ვუთანაგრძნობთ. გავითვალისწინებთ მის რთულ მდგომარეობას და ოფისს დავტოვებთ, მაგრამ ეს ვერ გახდება ჩვენთვის დამაბრკოლებელი”, – თქვა ირაკლი მიქელაძემ.
გიორგი გახარიას პარტიას, ბათუმში გახსნილ ოფისს ატოვებინებენ. შენობის მეპატრონის თქმით, მისთვის, გახარიას პარტიის ოფისიდან გაშვების მიზეზი ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მედიაში გაშუქებული ინფორმაცია გახდა. საუბარია ყოფილ პრემიერსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის შესაძლო კავშირზე. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა.