ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რჩევები მომხმარებელს: რას ვაკეთებთ თუ სწრაფი გადახდის აპარატმა თანხა “ჩაყლაპა”

სწრაფი გადახდის აპარატები, რომელიც მომხმარებელს მოკლე დროში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე თანხის გადარიცხავს სთავაზობს, ხანდახან არცთუ ისე კომფორტულია. ერთ-ერთ ინტერნეტ ფორუმზე მომხმარებლები სწრაფი გადახდის აპარატების გაუმართაობას შესახებ წერდნენ:

“სამი დღის წინ ჩავრიცხე 5 ლარი, ჩეკი არ მომცა, არც წინასწარ რომ იცის დაწერა(აპარატში ქვითარი არ დევსო), არ დაუწერია… და თანხა არ დაირიცხა…“

“2 ლარი ჩავრიცხე. არც ქვითარი მომცა და არც ფული დამერიცხა”.

“რა ხდება,  ნეტა?! უთოფო ყაჩაღობაა? არადა რითი უმტკიცებ რომ ჩარიცხე…“

ეს და მსგავსი ჩივილი სწრაფი გადახდის აპარატების მფლობელი კომპანიების მიმართ არცთუ იშვიათია.  “მეტრონომი” შეეცადა გაერკვია, რა რეგულაციები არსებობს მომხმარებლის დასაცავად და როგორ რეაგირებენ სწრაფი გადახდის აპარატების მფლობელი კომპანიები აღმოჩენილ ხარვეზებზე.

როგორც კომპანია “ნოვა ტექნოლოჯიმ” გვიპასუხა, რომელიც ქართულ ბაზარს სწრაფი გადახდის აპარატებს ე.წ. paybox-ს სთავაზობს, მომხმარებელმა გამოვლენილი გაუმართაობის შემთხვევაში, კომპანიას უნდა დაურეკოს და ისინი ოპერატიულად იმოქმედებენ.

მეტრონომი”:  მომხმარებელთა ნაწილი ზოგჯერ სწრაფი გადახდის აპარატებს უჩივის. საუბარია ფულის დაკარგვაზე, ანუ .. „ჩაყლაპვაზე“. რა შემთხვევაში ხდება ეს და როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი ასეთ დროს?

ნოვა ტექნოლოჯის მომხმარებელთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, დავით ქარქილაძე: პირველად, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ, მომხმარებლის მიერ ხშირად გამოყენებული ტერმინი, “აპარატმა თანხა ჩამიყლაპა”, არაკორექტულია. აპარატი თანხას არ ყლაპავს. შეიძლება რამე ტექნიკური გაუმართაობა მოხდეს და აპარატში ჩაგდებული თანხა არ აისახოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს საშუალებები, დავრწმუნდეთ, რომ ადამიანმა ნამდვილად ჩარიცხა თანხა, შემდეგ კი, ჩვენი ჩარევის შედეგად, ადამიანს უბრუნდება ის თანხა. თანხები ასე არ იკარგება. ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ მომხმარებელს ჩვენი აპარატებიდან თანხა დაუბრუნდეს. ნებისმიერი მოქმედება, რაც აპარატთან ხდება, თუნდაც ხელის შეხება,  ჩვეულებრივად აღირიცხება, ინფორმაცია სერვერზე ილექება. იმ ადამიანს, ვისაც აპარატის გამოყენების პრობლემა, ან პრეტენზია აქვს, შეუძლია ჩვენი კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკოს 24 საათის განმავლობაში.

ასევე, მომხმარებლებში ვრცელდება ისტორიები, თუ როგორ ცდილობენ კონკრეტული პირები აპარატის დაზიანებას, რომ თანხები მიითვისონ. რამდენად შესაძლებელია ეს?

– ეს ჭორია, რადგან ჩვენ უსაფრთხოების მაღალი სისტემა გვაქვს. გამორიცხულია აპარატზე ვიღაცამ რაღაც დაამაგროს, მერე აქედან ფული აიღოს და მომხმარებელი დაზარალდეს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ გვაქვს მონიტორინგი ნებისმიერი აპარატის დეტალზე, შეხებაზე, რაც ჩვენი უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ კონტროლდება და მსგავსი ტიპის ფაქტები არასდროს გამოვლენილა. თუ გამოვლინდება ოდესმე, შესაბამისად სამართლებრივ ორგანოებს მივმართავთ.

სწრაფი გადახდის ტერმინალ, ექსპრეს ბანკის ქოლ ცენტრის ოპერატორმაც, ანა ბანეჯიშვილმა გვითხრა, რომ მომხმარებელს არც ისე ხშირად ექმნებათ სწრაფი გადახდის აპარატებთან პრობლემა, მაგრამ მსგავსი შემთხვევეის დროს, ერთი დღის ვადაში არკვევენ პრობლემის არსს და სწრაფად რეაგირებენ.

ანა ბანეჯიშვილი: არის შემთხვევები, როდესაც გარეთ მდგომი ტერმინალები ზიანდება და მათგან თანხა „იყლაპება“. ამ შემთხვევაში მომხმარებელს ვეხმარებით, რომ თანხა დავუბრუნოთ. ხარვეზებს, როგორც შემოწმების დროს, ასევე მომხმარებლისგან შემოსული ინფორმაციის ხარჯზე ვადგენთ.

როგორ ხდება გამოვლენა, რომ მომხმარებელი არ იტყუება?

– აბონენტი თუ ფიქსირდება ტერმინალზე, მითითებულ თანხას ვუბრუნებთ. თუ ესეც არ ფიქსირდება, აბონენტმა კონკრეტული ტერმინალის ნომერი უნდა მოგვაწოდოს, სადაც აკრიფა ნომერი, რომ კიდევ გადავამოწმოთ. სხვა შემთხვევაში თანხის ანაზღაურება არ ხდება.

რა დრო სჭირდება ხარვეზის გამოვლენასა და თანხის ანაზღაურებას?

_32J1269_bSAezZm1DLexapress

 

– ამ გარკვეულ ინციდენტს ერთი სამუშაო დღე სჭირდება. არის შემთხვევები, როცა პროცესს ვაჩქარებთ, თუ მომხმარებელს ძალიან ეჩქარება.

თანხის მითვისების მიზნით, სწრაფი გადახდის ტერმინალის  სპეციალურად დაზიანების შემთხვევები თუ დაგიფიქსირებიათ?

– ყველანაირად ვცდილობთ, რომ ასეთი შემთხვევები არ მოხდეს. ჩვენი ტერმინალები ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მასშტაბით „ექსპრეს ბანკის“ ძალიან ბევრი ტერმინალი დგას. ვცდილობთ, რომ ყველა მათგანი გამართული იყოს.

თვითნებური დაზიანების შემთხვევაში რა რეგულაციები არსებობს, როგორ დგინდება ვინ არის დამნაშავე?

– თვითნებური დაზიანების შემთხვევები უფრო იშვიათია. ამგვარ პრობლემებს ტექნიკური სამსახური აგვარებს. გარკვეული სამსახური კამერებს ამოწმებს და ამის მიხედვით  შესაბამის ზომებს იღებენ.

სწრაფი გადახდის აპარატები სხვადასხვა კომპანიებს მიეკუთვნება. მომხმარებელმა იმ კომპანიას უნდა დაურეკოს ცხელ ხაზზე, რომელი კომპანიის აპარატზეც ხარვეზს აღმოაჩენს.

„ნოვა ტექნოლოჯი“ – (032) 220 30 00 ან 224 45 00

„ექსპრეს ბანკი“- (032) 244 44 90

მანა ნოდია

იტვირთბა....