ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის საელჩომ მიშელის დოკუმენტში სასამართლოზე პუნქტები ყვითლად მონიშნული გამოაქვეყნა

საქართველოში აშშ-ის საელჩო 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერებს შეახსენებს, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლოში “მიმდინარე დანიშვნების შეჩერებას” და რომ მათ აიღეს ვალდებულება, გატარდეს მართლმსაჯულების ღრმა და ინკლუზიური რეფორმა, ასევე, მიღებულ იქნეს ახალი კანონმდებლობა უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენისთვის. საელჩო Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას თან ურთავს შეთანხმების დოკუმენტს, რომელშიც ყვითლად არის მონიშნული შესაბამისი პუნქტები.

საელჩოს ამ განცხადებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რომელმაც თქვა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი პარლამენტში არ შეჩერდება, 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმის პუნქტები კი ხელისუფლებას ხელმოწერამდეც შესრულებული ჰქონდა.

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

იტვირთბა....