ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის დაწვის გამო დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახი სახალხო დამცველს და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რომ ჩაერთონ ირაკლი ბებუას გათავისუფლების საქმეში. ამაზე დაკავებულის ბიძაშვილმა, თამუნა ბებუამ გადაცემა კომენტარში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ოჯახი სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს.
“მოვუწოდებ სახალხო დამცველის აპარატს და დევნილთა სამინისტროს, რომელიც საერთოდ არ იფერთხავს ყურს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოკითხვის დონეზე მაინც მოიკითხონ ოჯახი და ჩააყენონ საქმის კურსში, ჩაერთონ მინიმალურ დონეზე მაინც საქმეში, რომ რაღაც წინსვლა გვქონდეს.
ოჯახის მოთხოვნა არის უცვლელი. ირაკლი უნდა გათავისუფლდეს უახლოეს მომავალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ირაკლი დიდხანს დაყოვნდეს საპატიმროში. ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს სახელმწიფო უწყებებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან”, – ამბობს თამუნა ბებუა.
რაც შეეხება ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც თამუნა ბებუა ამბობს, მას თავისა და კუჭის ძლიერი ტკივილები აწუხებს.
“მისი ცხრა თვიანი პატიმრობიდან გამომდინარე, დამძიმდა მისი მდგომარეობა. გვაქვს ინფორმაცია, რომ მას აწუხებს თავის და კუჭის ძლიერი ტკივილები. სახელწიფო უწყებები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ექიმმა გუშინ ინახულა, თუმცა ექიმის მხრიდან რა დასკვნა დაიდო, ჯერჯერობით ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის”, – ამბობს თამუნა ბებუა.
ცნობისათვის, საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ამით 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე-ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა.
ირაკლი ბებუა ე.წ სამართალდამცავმა უწყებებმა 30 სექტემბერს დააკავეს, მის სახლში ჩხრეკის დროს დე-ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა. მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.