ე.წ. გავრილოვის ღამიდან 2 წელი გავიდა. რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და რუსეთის დუმის მოქმედი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 2019 წლის 20 ივნისს მარლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს სტუმრობდა. რუსმა დეპუტატმა საქართველოში ვიზიტის დროს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა. აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის დეპუტატებისა და ქართული საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ასევე სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან აქციების დაანონსება მოჰყვა.
პარლამენტში ასამბლეა შეწყდა. რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეების აქტიურობის შედეგად გავრილოვმა საქართველო დატოვა.
ამის შემდეგ ოპოზიციამ ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსეს. 20 ივნისს, 19:00 სთ-ზე, პარლამენტთან დაგეგმილი აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს, მათ შორის ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო. საღამოს ათი საათისთვის სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება აქტივისტების პარლამენტში შეღწევის მცდელობას მოჰყვა. მათ წინააღმდეგობა სამართალდამცავებმა გაუწიეს და ვითარების განმუხტვას შეეცადნენ. მას შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესვლა კიდევ რამდენჯერმე სცადეს, რის გამოც სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება არაერთხელ განახლდა.
ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა დაიწყეს. შედეგად აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. შსს-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გამოიყენა “კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები”.
ამის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი; დაშავდა მინიმუმ 34 ჟურნალისტი; დაშავებულებს შორის მოხვდა 80 პოლიციელი; დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა; აქციის მონაწილეებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება; შსს-მ დააკავა აქციის 305 მონაწილე.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნა პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან (გიორგი გახარია) ერთად პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო. შედეგად მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. გიორგი გახარიამ თითქმის ერთი წლის თავზე პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა. ხოლო, 2021 წლის 18 თებერვალს დაკავებული თანამდებობა დატოვა და მიზეზად ნიკა მელიას საქმე დაასახელა.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია 20 ივნისს პარლამენტზე შტურმის ორგანიზების ბრალდებით 23 თებერვალს დააკავეს.