ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფლანგვის დეტექტორი: მერიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის ₾826 078 დახარჯა

ფლანგვის დეტექტორის მოკვლევით, თბილისის მერიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის ₾826 078 დახარჯა, თუმცა, მეტროსადგური კვლავ ურემონტოა. ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“2016 წელს ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციოდ “ყვარელრემმშენს” 347,848 ლარი გადაუხადეს, თუმცა სამუშაოების დასრულებიდან 5 თვეში მეტროს ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა.

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, “ყვარელრემმშენი” შესყიდვების სამსახურის “შავ სიაში” იმყოფებოდა და მიუხედავად ამისა, კონტრაქტი მაინც ამ კომპანიასთან გაფორმდა, თანაც უკონკურენტო გარემოში.

მეტროში მისი შეკეთებული ჭერის ჩამონგრევის შემდეგ, ყვარელრემმშენმა დამატებით 478,230 ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო, მათ შორის, სკოლის რემონტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა.

ჭერის ჩამონგრევიდან 1 წლის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა “ერთი წელი გავიდა… ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია”, თუმცა ჩამონგრევიდან 3 წლის შემდეგადაც იგივე მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ამ დროის განმავლობაში კიდევ 400 ათასამდე ლარი დახარჯა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ვარკეთილის სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო. მეტროს სადგურების კაპიტალური შეკეთება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას და ინტერიერის განახლებას ითვალისწინებდა.

იტვირთბა....