ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დროა: ღირსების მარში უნდა ჩატარდეს! ხელისუფლებამ უნდა დაიცვას გამოხატვის თავისუფლება

პოლიტიკური მოძრაობა დროა ივლისში თბილისში დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: განცხადების თანახმად, მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და უზრუნველყოს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და დაგეგმილი მარში მშვიდობიანად ჩატარდეს.

მოძრაობა “საშიშად” აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს, რომელიც მან TV პირველს 17 ივნისს მისცა და სადაც ის ამბობს, რომ ორგანიზატორებს უარი უნდა ეთქვათ ღირსების მარშის ჩატარებაზე.

“ქართული ოცნების ხელისუფლება წლებია, მიზანმიმართულად უშლის ხელს LGBTQI+ ადამიანებს მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობაში. ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით მმართველი ძალა ცდილობს, დანერგოს შიში და დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიანად ჩატარების პასუხისმგებლობა გადაიტანოს LGBTQI+ ადამიანებსა და მათი უფლებების დამცველ ორგანიზაციებზე.

ირაკლი კობახიძის ეს განცხადება საშიშ გზავნილებს შეიცავს საზოგადოების არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის, არამედ ყველასთვის. ეს არის ღია განაცხადი, რომ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების გარანტირებულ უფლებებს შერჩევითად, პოლიტიკური ინტერესების მიხედვით იცავს.

საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციის მიხედვით მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებაა, ხოლო მისი დაცვა კი სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობა”. – ვკითხულობთ დროას განცხადებაში.

ცნობისათვის, Tbilisi Pride-ის დირექტორის, გიორგი თაბაგარის ცნობით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ღირსების მარში გაიმართება. ინფორმაციის გავრცელებისთანავე პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ Tbilisi Pride-ს ღონისძიების გასაუქმებლად 10-დღიანი ულტიმატუმი წარუდგინა.

18 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “კონტექსტის” გათვალისწინებით, ორგანიზაციას ღონისძიების ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვას.

იტვირთბა....