ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პეტრე კოლხი პრაიდზე: დაპირისპირება მოხდება და უნდა დაფიქრდნენ, მძიმე სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ

მამა პეტრე კოლხი ივლისში დაგეგმილი პრაიდის კვირეულის ჩატარების შესახებ კომენტარს მეტრონომთან აკეთებს და ამბობს, რომ უკეთესი იქნება, თუკი ღონისძიების ორგანიზატორები უარს იტყვიან პრაიდის ჩატარებაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

“ვფიქრობ, რომ პროვოცირებისგან თავი შეიკავონ და იმისთვის, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს, დაპირისპირება არ მოხდეს, შესაბამისად, ამ დაპირისპირების გამო ადამიანები არ დაზარალდნენ, ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს. ეკლესიასთან და მთავრობის კონსულტაციის გათვალისწინებით, ყველაზე მინიმალისტური ზარალი რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ამის ფონზე უნდა ეფიქრათ.

გუშინ მოვისმინე კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ არ უნდა ჩატარდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა არ აქვთ. სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე დაპირისპირება მოხდა. შესაბამისად, როდესაც მარგინალურ ფრთას სახელმწიფოს ოფიციალური განცხადებიდან გამომდინარე, თავისი მოქმედების არეალური უფრო დიდი აქვს, ის უფრო მეტად მოტივირებული იქნება, რომ დაუპირსპირდნენ მისთვის ე.წ. უმცირესობას.

დაპირისპირება აუცილებლად მოხდება. ამიტომ, ეს საკითხი უნდა გაერკვიათ სახელმწიფოსთან და აქედან გამომდინარე მიეღოთ გადაწყვეტილება, ჩაატარებდნენ თუ არა პრაიდს. დაპირისპირების შემთხვევაში კაცმა არ იცის, რა შეიძლება მოხდეს, ამიტომ, ვინატრებდი და ვისურვებდი, რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს, რადგან ორივე მხარეს დგანან ჩვენი მოქალაქეები.

როდესაც მხარდაჭერა არ გაქვს სახელმწიფოს მხრიდან, უკვე ძალიან რთული იქნება სიტუაციის კონტროლი. გუშინდელი განცხადების მერე უფრო მეტად უნდა დაფიქრდნენ, თვითონ არ აღმოჩნდნენ უფრო მძიმე სიტუაციაში. მეგონა, რომ მათ ჰქონდათ კონსულტაციები ხელისუფლებასთან. გუშინ ჩვენ ძალიან მკვეთრი განცხადება მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან”, – თქვა მამა პეტრე კოლხმა მეტრონომთან.

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ივლისში დაგეგმილი პრაიდის კვირეულის შესახებ თქვა, რომ პრაიდის ორგანიზატორებს უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე.

იტვირთბა....