ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მუქარა, ცემა, გამოძალვა — ლომჯარია ციხეებში არსებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე საუბრობს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს წარუდგინა ანგარიში, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების უფლებათა დარღვევებსა და იქ არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა.

“პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობასთან ერთად გამოწვევას წარმოადგენს იქ არსებული არაფორმალური მმართველობა. ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის საქმე, სადაც პატიმრებმა მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ კრიმინალური სუბკულტურის თუ მათი მფარველი ადმინისტრაციის მხრიდან მათ მიმართ ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის დანაშაულებრივი ქმედებები — მუქარა, ცემა, გამოძალვა, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტება. გამოკითხული პატიმრები, მათ შორის, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ჩვენებებში ადასტურებდნენ მსგავსი სქემის არსებობას. პროკურატურას შესაბამისი რეაგირება არ ჰქონია და არ დასჯილა არავინ. არაფორმალური მმართველობის გამოვლინება იყო ისიც, როცა ჩვენი მხრიდან ამ ფაქტების გახმაურებისა და კრიტიკული ანგარიშების შედგომ სახალხო დამცველი წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და იძულებული გახადეს, დაეტოვებინათ პენიტენციური დაწესებულებები. ეს მოხდა ქსნის მე-5 დაწესებულებაში, გლდანის მე-8 დაწესებულებაში და მე-17 დაწესებულებაში”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიამ, ასევე, აღნიშნა, რომ გარდა პენიტენციური დაწესებულებისა, გაზრდილია პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ადამიანების ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი 463 საქმიდან 34 პროცენტში დაფიქსირდა დაკავებისას ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების ფაქტები. ბოლო სამი წლის განმავლობაში სხეულებრივი დაზიანების პროცენტული მაჩვენებელი იზრდება.

 

იტვირთბა....