ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი პრაიდზე: მე პირადად წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ნებისმიერი მოქალაქე თავისი შეხედულებისა და განსხვავების მიუხედავად. ამ განცხადებით მან მოძრაობა ერის დამფუძნებლის, ლევან ვასაძის განცხადების უპასუხა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს 10-დღიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ პრაიდის ღონისძიება გააუქმოს.

პრაიდზე საუბრისას ვოლსკი ამბობს, რომ “პოპულარიზაციისა და რეკლამირების” წინააღმდეგია, თუმცა ვასაძის მიდგომა არასწორია.

“არასწორი მიდგომაა იმიტომ, რომ საზოგადოება არსებობს და საზოგადოება მრავალფეროვანია, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს. მე პირადად წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების, მაგრამ უნდა დავინახოთ ისიც, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. არა მხოლოდ კანონის წინაშე, უფლის წინაშეც ყველანი თანასწორი ვართ და ერთმანეთის წინაშეც თანასწორი ვართ. დავუწუნოთ ერთმანეთს ქმედება, განცხადებები, პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ვერ დაუწუნებ და ვერ გააუქმებ იმას, რასაც ჰქვია კანონის წინაშე ყველას ერთნაირ ვალდებულებას, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას კანონი და ნებისმიერი მოქალაქე თავისი შეხედულებისა და განსხვავების მიუხედავად”, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოძრაობა ერის ლიდერმა, ლევან ვასაძემ მთავრობას 10-დღიანი ვადა დაუწესა, რომ 5 ივლისს დაანონსებული პრაიდი გააუქმოს.

“მოვუწოდებ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მოეშვან ამ თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი — ან დადგნენ საზოგადოებრივი ნორმის, მორალისა და ტრადიციის გვერდზე. ან გააუქმონ ეს დაანონსებული პრაიდი, როგორც ეს ჩვენ გავაკეთებინეთ ორის წლი წინ. ვაძლევთ ათდღიან ვადას, 25 ივნისამდე”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, პრაიდი უნდა გაუქმდეს, რათა ხელისუფლებამ არ მისცეს საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას.

იტვირთბა....