ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა გახელაძის მამა: მირჩევნია იქ ვიყო, 12 წელი ერთად “მოვიხადოთ,” ვიდრე სახლში ვიჯდე და ველოდო

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის  ოჯახი ხელისუფლებას ბოლო ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურეს ზომებზე გადადის. როგორც ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე TV პირველთან ამბობს, ქუჩაში გამოსვლის გარდა, სხვა გზა არ რჩებათ.

“მირჩევნია იქ ვიყო, 12 წელი ერთად “მოვიხადოთ,” ვიდრე სახლში ვიჯდე და ველოდო. ამ 12 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. მარტო გვპირდებიან. უკვე გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. 23-ში აქვთ დაბადების დღე და გადავდივართ მთელი ოჯახი”, – თქვა ზაზა გახელაძის მამამ.

ზაზა გახელაძეს 23 ივნისს 34 წელი შეუსრულდება.

11 ივლისს ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. ის კასპში ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

რუსული მხარის მტკიცებით, გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — “სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა” და “სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა”.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

 

იტვირთბა....