ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დაიხურება. ბარკალაიას თქმით, 2022 წლის 1-ლი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების კანონის ის ნორმები, რომლებიც მოიაზრებს დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და ალტერნატიული სერვისების ჩამოყალიბება.
“2022 წლის 1-ლი აპრილი არის ყველაზე ბოლო ვადა, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, მაგრამ მანამდე ჩვენ ვაგრძელებთ მათი პრობლემების იდენტიფიცირებას და ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანას.
ავტომატურად მოხდება პანსიონის დახურვა და ალტერნატიული სერვისების გაძლიერება მცირე საოჯახო სახლების სახით. დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე ყველასთვის” – თქვა თამარ ბარკალაიამ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში ევროკავშირის ელჩთან და Unicef-ის და World Vision-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ განიხილება ნინოწმინდის პანსიონის დახურვის საკითხი.
დღეისთვის ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვი რჩება. ბარკალაია ამბობს, რომ ახლა არის გარდამავალი პერიოდი, რაც ბავშვებისთვისაც რთულია.
“პანსიონში არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ მიჯაჭვულობა იქაურ მზრუნველებთან, იმიტომ, რომ მათ აღიქვამენ, როგორც მშობლებს. მათი გარემოდან მყისიერი გამოგლეჯა პირველ რიგში ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს.
ვადების დასახელება რთულია, ვინაიდან ყველა ბავშვის საჭიროება და მათი შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვა არ არის შეფასებული.
მიმდინარეობს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების შეფასება სოციალური მუშაკების მიერ, მათ შორის პანსიონში 24 საათის განმვალობაში. ასევე ვმუშაობთ ოჯახების მოძიებასა და გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს, პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია”. – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.
2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.