ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ჰარცელი ნინოწმინდაზე: შეხვედრაზე ვმსჯელობდით ვარიანტზე, რომელიც ბავშვებისთვის საუკეთესოა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის დღეს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც ნინოწმინდის პანსიოზე მსჯელობა გაიმართა. როგორც კარლ ჰარცელმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია ბავშვების ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და სწორედ ამაზე მსჯელობდნენ შეხვედრაზე.

“შეხვედრაზე ყველა მხარე მსჯელობდა ვარიანტზე, რომელიც ბავშვებისთვის საუკეთესოა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ფსიქოლოგიური და ფინანსური მხარდაჭერა და მაქსიმალურად შევეცადოთ, უზრუნველვყოთ მათი უფლებების სრულად დაცვა. საკითხი არა მხოლოდ ნინოწმინდას ეხება, არამედ ეს უფრო ფართო განხილვის თემაა. მოხარული ვარ, რომ ამ შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მივიღეთ,“ – აცხადებს კარლ ჰარცელი.

საპატრიარქოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით წმინდა სინოდი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

იტვირთბა....