საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით “არ მოხდეს პრობლემის ზედმეტად უტრირება”. როგორც დეკანოზმა საპატრიარქოში ევროკავშირის ელჩთან და Unicef-ის და World Vision-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არ განიხილება ნინოწმინდის პანსიონის დახურვის საკითხი.
“ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა მხოლდო ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ პრინციპზე, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იყოს გათვალსიწინებული.
ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია. მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან უნდა იქნას გადაწყვეტილი ყველა საკითხი. ხაზგასმით გვინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს პრობლემის ზედმეტი უტრირება.
ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა გაითვალისწინოს, ბავშვების ინტერესებშია, არ მოხდეს უტრირება და რამე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემის გამოყენება, რომ ბავშვის ინტერესები სხვა ინტერესებით არ გადაიფაროს.
დახურვაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტები გულისხმობს”, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით წმინდა სინოდი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.
2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.