ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში აცრილი ადამიანები ევროპაში ჩვეულებრივ იმოგზაურებენ, რადგან ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ მიიღებენ მოქალაქეებს, რომლებიც ჯანმო-ს მიერ რეგისტრირებული ვაქცინებით იქნებიან აცრილნი. გამყრელიძის თქმითვე, სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები საქართველოშიც უპრობლემოდ შემოვლენ.
“საქართველოში აცრილი ადამიანები ევროპაში ჩვეულებრივ იმოგზაურებენ. თუმცა ვაქცინაციის მიუხედავად, ევროპის ქვეყნები დიდ ყურადღებას აქცევენ ნეგატიურ PCR-ტესტს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა.
ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში და მოქმედების ვადა 12 თვე ექნება.
პლენარულ სესიაზე ციფრულ კოვიდსერტიფიკაციებთან დაკავშირებულ რეგულაციებს მხარი 543 -მა კანონმდებელმა დაუჭირა, 93 – წინააღმდეგი წავიდა, 46-მა კი – თავი შეიკავა.ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ინიციატივა ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
ევროკავშირის ქვეყნის ხელისუფლების მიერ კოვიდსერტიფიკატის გაცემა უფასოდ მოხდება ქაღალდის დოკუმენტის ან ციფრული სახით. დოკუმენტში დამოწმებული იქნება, რომ პირი ვაქცინირებულია, ან კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს ან ვირუსი გადაიტანა. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ კოვიდსერტიფიკატი არ არის თავისუფალი გადაადგილების წინაპირობა და არ განიხილება, როგორც სამოგზაურო დოკუმენტი.
ევროკავშირის ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილების კოვიდსერტიფიკატები. ამასთან, ინდივიდუალურად წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, აღიარებენ თუ არა ისინი ამა თუ იმ ქვეყანაში ეროვნულო დონეზე, ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო გამოყენების მიზნით დამკტიცებული ვაქცინებით აცრილების სერთიფიკატებს.