ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახალ მთავრობაში წულუკიანი არ უნდა მოხვდეს” – ხატიაშვილი პრეზიდენტს მიმართავს

 

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს განცხადებით მიმართავს. გაცხადებაში ხატიაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობაში იუსტიციის მოვალეობის შემსრულებელი, თეა წულუკიანი არ მოხვდეს.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენი პიროვნების მიმართ. მინდა ავღნიშნო, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში პირველი პირი დგას სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, იბრძვის თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის.

სამწუხაროდ, დღეს, განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულმა სკანდალურმა გადაწყვეტილებამ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების თვალში აღიქმებოდა სააკაშვილის რეჟიმის ერთ–ერთ საყრდენად, მხადაჭერამ მისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის თაობაზე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფას იმ პირთა მიერ, ვისაც აკისრიათ ვალდებულება იდგნენ ამ ღირებულებათა დაცვის სადარაჯოზე.

აღნიშნული მიმაჩნია, რომ არის ერთ–ერთ ყველაზე დიდი საშინელება და საფრთხის შემცველი პრეცედენტი მოქმედი ხელისუფლების მართვის პერიოდში.

ბატონო პრეზიდენტო, რამოდენიმე დღეში თქვენ უნდა წარმოგიდგინონ მთავრობის ახალი შემადგენლობა. ამის გათვალისწინებით მოგმართავთ თხოვნით გამოიჩინოთ პრინციპულობა, რათა დღევანდელი მოვლენების ერთ–ერთი შემოქმედი ქალბატონი თეა წულუკიანი არ მოხდეს პარლამანტის წინაშე ნომინირებული მინისტრების სიაში. როგორც თქვენთვის კარგად არის ცნობილი თეა წულუკიანი ახორციელებდა საქართველოში სასამართლო რეფორმას რამოდენიმე წლის განმავლობაში, რითაც იგი ასე ძალიან ამაყობდა, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია , რომ მის მიერ გაწეულმა სასამართლო რეფორმამ განიცადა სრული კრახი და ფიასკოთი დასრულდა, შედეგად სასამართლო “რეფორმის გატარებამ” გამოიწვია მურუსიძის და “მურუსიძეების” მოსვლა სასამართლო სისტემაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაასამარა ჩვენი ოცნება ქვეყანაში დამკვიდრებულიყო სამართლიანი სასამართლო.

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეულმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამმა წევრმა, კერძოდ – ევა გოცირიძემ, ვახტანგ თორდიამ და კახაბერ სოფრომაძემ მხარი დაუჭირეს მურუსიძის კანდიდატურას. იმ შემთხვევაში, თუ ელემენტარულად ერთი წევრი მაინც არ დაუჭერდა მხარს ლევან მურუსიძეს ის დღს არ იქნებოდა არჩეული მოსამართლის თანამდებობაზე.

თქვენთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა ამ გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ მიიღებდა, ამიტომ ივანიშვილმა საბოლოოდ წაგვართვა იმ ადამიანებს სამართლიანი სასამართლო, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ვიდექით ქუჩაში და ვაპროტესტებდით სასამართლო ხელისუფლების ძალადობას სამოქალაქო საზოგადეობაზე.

თეა წულუკიანმა 3 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა წარმოედგინა ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა და პარლამენტისთვის წარედგინა ისეთი კანონპროექტი, რომლის ამოქმედება საქართველოში დაასრულებდა საააკაშვილის რეჟიმის იმ მოსამართლეების პარპაშს, რომელნიც წლების განმავლობაში იყვნენ რეჟიმის მთავარი საყრდენი და შეპყრობილნი იყვნენ დაუსჯელობის სინდრომით.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თეა წულუკიანის მინისტრის პოსტზე ნომინირება პარლამენტის წინაშე იქნება ირინა ენუქიძის შეურაცხყოფა.

თქვენ რამოდენიმე დღის წინ დააჯილდოეთ ქალბატონი ირინა ენუქიძე, მსურს შეგახსენოთ ირინა ენუქიძის მეუღლის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა ირინა ენუქიძის დაჯილდოვების შემდეგ –” ამ ჯილდოს არავითარი აზრი არ ექნება, თუ ლევან მურუსიძე დაინიშნება მოსამართლედ”.

მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალება, რათა დღევანდელი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების ერთ–ერთი შემოქმედი თეა წულუკიანი კვლავ არ იქნას არჩეული იუსტიციის მინისტრად.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი პრინციპულობა დაგვეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას, რათა საქართველოს ეღირსოს ისეთი იუსტიციის მინისტრი, რომელიც ბოლოს მოუღებს სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო სექტორზე ძალადობას, განახორციელებს ეფექტურ სასამართლო რეფორმას და ქვეყანაში დასაბამს მისცემს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და განამტკიცებს კანონის უზენაესობის ხელშეუხებლობას”, -ნათქვამია მიმართვაში“- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....