ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დატოვებენ თუ არა მოზარდები ნინოწმინდის პანსიონატს – სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

დატოვებენ თუ არა მოზარდები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატს, ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. სასამართლომ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მოთხოვნა დააკმაყოფილა და პანსიონატიდან ბავშვების გაყვანა მოხდება. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანიონატიდან”, – თქვა ანა აბაშიძემ.

PHR-ის იურისტების თქმით, სასამართლომ  ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანაზე  მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, ბავშვების მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის თავშესაფრებში გადაყვანა უნდა მოხდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის  შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 4 ივნისს მიმართა.

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებით, დღეისათვის ყველა მსხვილ ბავშვთა სახლში მიმდინარეობს დეისტიტუციონალიზაციის პროცესი. მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.

ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება გუშინ. რამდენიმე დღის წინ კი, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....