ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა დასრულდა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, შეთანხმება შედგა და სოცმუშაკები პანსიონში დარჩებიან.
„შეთანხმება შედგა. შეხვედრაზე ვიყავით ეკლესიის წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სოცმუშაკები. შევთანხმდით, რომ სოცმუშაკები დარჩებიან აქ. ჩვენ ყველას გვექნება კომუნიკაცია ერთმანეთთან. სოცმუშაკების ნაწილი იმუშავებს დღის განმავლობაში, რამდენიმე კი ღამითაც დარჩება და ბავშვებთან მათი ეს ურთიერთობა გაგრძელდება რამდენ ხანსაც ჩათვლიან ისინი საჭიროდ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებით, დღეისათვის ყველა მსხვილ ბავშვთა სახლში მიმდინარეობს დეისტიტუციონალიზაციის პროცესი. მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.
ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.
19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება გუშინ. რამდენიმე დღის წინ კი, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, მიმდინარეობს.