ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გოცირიძე: ასე ყოველთვის არ გვანებივრებს ლარი, ეს სიამოვნება დიდხანს არ გასტანს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ლარის გამყარების მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, ლარის სეზონურ გამყარებას უკავშირდება.

“სანამ დოლარის გლობალურ გამყარება-გაუფასურებაზე და თურქული ლირის შესახებ სულელურ ზღაპრებს მოვისმენდეთ, სჯობია ერთი მარტივი შეკითხვა დავსვათ: როდის ყიდის ეროვნული ბანკი დოლარებს? როცა ლარი უფასურდება, ხომ? როდის ყიდულობს დოლარებს? როცა ლარი მყარდება.
მოდით, ვნახოთ ბოლო წლების განმავლობაში როდის ყიდულობდა ეროვნული ბანკი დოლარებს, ანუ რა პერიოდში მყარდებოდა ლარი და ამ შესყიდვით როდის უშლიდა ხელს მის კიდევ უფრო გამყარებას. ვიცით, რომ როცა დოლარს ყიდულობ, მიზანი ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს აუფასურებს ლარს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი არის რეზერვების დაგროვება, თანაც, თუ ამის საშუალებას დაბალი ინფლაციაც გაძლევს.

ვნახოთ, რა ხდებოდა წლების მიხედვით:

2020 წელს ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტა არ უყიდია, პირიქით, თითქმის 900 მილიონი დოლარი გაყიდა პანდემიის პირობებში ლარის გადასარჩენად.

2015 წელს ასევე არ უყიდია დოლარები, სხვადასხვა მიზეზით ლარის გაუფასურების მაღალი რისკების გამო.

2019 წელი: ივნისში იწყებს ეროვნული ბანკი დოლარების შესყიდვას, მერე ივლისში აგრძელებს, ანუ ხელს უშლის ლარის გამყარებას.

2018 წელი: ივნის-ივლის-აგვისტოში ახდენს შესყიდვებს.

2017 წელს ასევე ივნის-ივლის-აგვისტოში ყიდულობს დიდძალ ვალუტას.

2016 წელს მხოლოდ მაის-ივნისში შვიდჯერ გადის ეროვნული ბანკი სავალუტო ბირჟაზე და ყიდულობს 163 მილიონ დოლარს.

რა ხდება 2021 წელს? იგივე, რაც წინა წლებში. ლარი იწყებს სეზონურ გამყარებას. ეროვნულ ბანკს ძალიანაც უნდა ამით ისარგებლოს და ცოტა შეავსოს რეზერვები, მაგრამ ვეუბნებით, არ გაბედო, თორემ მოგამტვრევთ ხელებს. რამდენჯერაც ასე გააკეთა წინა წლებში, იმდენჯერ ორჯერ და მეტი ოდენობის რეზერვების დაკარგვა მოუწია, რადგან ასეთი ჩარევა უკუბიძგს აძლევდა ყოველთვის და ლარი იწყებდა გაუფასურებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა არ უნდა მიმართოს რეზერვების დაგროვების ამ ხერხს. ამის გაკეთება საჭიროა, მაგრამ ფრთხილად და ცოდნით, რაც ეროვნულ ბანკს არ გამოსდიოდა.
რატომ არის ეს პროცესი აშკარა სეზონური შინაარსის მატარებელი? არა მხოლოდ იმიტომ, რომ თბილი ამინდებია, არამედ იმიტომ, რომ ფინანსური ნაკადები ამ პერიოდში სხვანაირად მოძრაობს და ბიუჯეტში ხარჯვაში მუდმივი ჩამორჩენაა და წლის მეორე ნახევარში იწყება საბიუჯეტო რესურსების ინტენსიური “ათვისება”.

მინდინარე წელს არა თუ რეზერვების შევსება, არამედ წლის ბოლომდე იქით მოუწევს ეროვნულ ბანკს ვალუტის გაყიდვა, ლარის გაუფასურების შესაჩერებლად.

ახლა კი დავანებოთ ტვინის ჭყლეტას იმაზე, თუ რა მოსდის ლარს. “მოლოდინებს” მეტს მაინც ვერაფერს გაიგებთ ხელისუფლებისაგან და მისი მომსახურე ექსპერტებისაგან. ისისმოვნეთ იმით, რაც გვაქვს. ასე ხომ ყოველთვის არ გვანებივრებს ლარი. თანაც ვიცით, რომ ეს სიამოვნება დიდხანს არ გასტანს”, – წერს რომან გოცირიძე.

 

იტვირთბა....