ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იარაღის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც იარაღის ბრუნვის შეზღუდვის მიზნით შემუშავდა.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც არეგულირებს გაზის (აირის) იარაღის ტარებისა და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებისა და გადატანა-გადაზიდვის წესს.
დასაშვები გახდება გაზის იარაღის ტარება, რადგან იგი თავდაცვის იარაღს წარმოადგენს , თუმცა დაუშვებელი იქნება მისი ღიად ტარება და საჯარო სივრცეში დემონსტრირება.
„ხმოვანი იარაღის გამოყენება დასაშვები ხდება მხოლოდ კონკრეტული მიზნით – თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში. რამდენადაც მას არ გააჩნია თავდაცვითი ფუნქცია, დაუშვებელი იქნება ასეთი იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება”, – თქვა კანონპროექტის ინიციატორმა ირაკლი ბერაიამ.
კანონპროექტის შესახებ დღესვე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იმსჯელებს.