უფლებადამცველი, ანა არღანაშვილი აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან მხოლოდ იმ ბავშვების გამოყვანა, ვინც ამას მოითხოვს, არასწორია. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
“არასწორია სააგენტოს პოზიცია, როცა მხოლოდ ის ბავშვები გამოჰყავთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან, ვინც ამას მოითხოვს.
რეალურად ბავშვებს არ უნდა მოვთხოვოთ ამხელა გამბედაობა რომ დაუპირისპირდნენ სისტემას, აღმზრდელებს, რელიგიურ ინსტოტუციას. ან, უსაფრთხოების რისკები თავად შეაფასონ. ბავშვების აზრი ნამდვილად მნიშვნელოვანია მაგრამ არა მაშინ, როდესაც ობიექტური საფრთხე ემუქრება ან, მისი ნება არის დათრგუნული და იძულებულია უფროსებს ასიამოვნოს რაიმეზე დათანხმებით.
თუ, ბავშვი ასეთი გამბედავი და ძლიერი არაა რომ წინააღმდეგობის გაწევა გაბედოს დავტოვოთ ძალადობრივ და უკანონო გარემოში?
ჯერ ყველა ბავშვი გამოიყვანეთ და შეუქმენით სრული უსაფრთხოების და დაცულობის განცდა და მერე კითხეთ სად უნდათ ყოფნა.
ბავშვთა სახლიდან ბავშვთა სახლში გადაყვანაც არასწორია, დააბრუნეთ ბიოლოგიურ ოჯახებში ან, მინდობით აღზრდის და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში”, – წერს ანა არღანაშვილი.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან ორი აღსაზრდელი ბენეფიციარი გაიყვანეს.
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებით, დღეისათვის ყველა მსხვილ ბავშვთა სახლში მიმდინარეობს დეისტიტუციონალიზაციის პროცესი. მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა.
პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 4 კაციანი ჯგუფი ცოტა ხნის წინ ნინოწმინდის პანსიონში შევიდა.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.
ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.
19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.