პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 4 კაციანი ჯგუფი ცოტა ხნის წინ ნინოწმინდის პანსიონში შევიდა. პანსიონის ტერიტორიაზე მათი შესვლა დილიდან შეფერხდა, თუმცა საბოლოოდ მათ პანსიონში შესვლა მაინც მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
აქვე გეტყვით, რომ ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლებს რეგულარული მონიტორინგი პანსიონის შესამოწმებლად 2018 წლის შემდეგ აღარ ყოფილან. მათი თქმით, ბოლო ვიზიტისას გამოიკვეთა არაერთი დარღვევა, მათ შორის არასრულფასოვან კვების რაციონთან, ასევე ის, რომ ბავშვებს წლის განმავლობაში არ ეძლეოდათ პანსიონის დატოვების უფლება. დარღვევად იქნა მიჩნეული ისიც, რომ ერთ ოთახში 96 ბენეფიციარზე მეტი იმყოფებოდა, რაც დაუშვებელია.
სააგენტოს წარმომადგენლები მონიტორინგის განხორციელებას მთელი დღის განმავლობაში გეგმავენ. არ არის გამორიცხული, რომ მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის გამო პანსიონს ლიცენზია ჩამოერთვას.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.
ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.
19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.