ობიექტივის გადამღები ჯგუფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შეუშვეს. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აღსაზრდელები პანსიონში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობენ.
ბავშვების თქმით, პანსიონში კარგად ექცევიან და “ასეთი პირობები კარგ სახლშიც კი არაა.” აღსაზრდელები ძალადობას უარყოფენ და ამბობენ, რომ არანაირი ცუდად მოქცევა ან დასჯა პანსიონში არ არის.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.
ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.
19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.