მმართველი გუნდი გიორგი გახარიას და ნაციონალურ მოძრაობის ინტერესების თანხვედრაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ექსპერტმა მამუკა არეშიძემ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის გადადგომას წინ უძღოდა კონფიდენციალური შეხვედრები, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მისივე თქმით, პოლიტიკურად დაძაბულ ფონზე თემატური მორიგება შედგა და გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაპატიმრების აღსრულების გადადება მოითხოვა.
ბრალდებას გიორგი გახარიას გუნდში აბსურდულს უწოდებენ. პარტია საქართველოსთვის წევრებს ნაციონალურ მოძრაობასთან შესაძლო თანამშრომლობაზე საუბარი პოლიტიკურ სპეკულაციად მიაჩნიათ.
“არც ვიცი ამ კონსპირაციის თეორიებზე რა კომენტარი გავაკეთო. ადამიანმა ძალიან მკაფიოდ ახსნა, რა პრობლემას ხედავდა და რა პრობლემას ხედავდა ჩვენი მთლიანი გუნდი კონკრეტული ადამიანის დაკავების ფორმასთან დაკავშირებით”, – უთხრა პარტია საქართველოსთვის წევრმა ანა ბუჩუკურმა რუსთავი 2-ს.
რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, გიორგი გახარიასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფენ.