საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალური ქსელით ეხამურება ყოფილი პოლიციელის ზურაბ ხმელიძის გადაწყვეტიელბას სამსახურიდან წასვლის შესახებ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკანონო დავალება, თუ ის ეწინააღმდეგება კანონიერებისა და ადამიანობის პრინციპებს, არ უნდა შესრულდეს.
“მე მინდა მივმართო ყველა სახელმწიფო მოხელეს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს. მინდა, მივესალმო იმას, რომ არ ასრულებთ უკანონო ბრძანებას იმის თაობაზე, რომ ხალხი არ შეუშვათ საკუთარ სახლში. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, რომ ასეთი რამე არის შესაძლებელი?! აქ საუბარი არ არის ჰესებზე, არა ჰესებზე, მოგვწონს, არ მოგვწონს ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. აქ საუბარია ელემენტარულ ადამიანობის პრინციპებზე. მინდა, პოლიტიკოსებს ვუთხრა: ჰესების საკითხი კი არ დგას აქ, აქ დგას სახელმწიფოს ადამიანებთან დამოკიდებულების საკითხი, ადამიანური მიდგომის საკითხი.
უკანონო დავალება დიახაც, არ უნდა შესრულდეს თუ ის ეწინააღმდეგებიან კანონიერებისა და ადამიანობის პრინციპებს. მოგვწონს ის ხალხი, ვინც აპროტესტებს, არ მოგვწონს, აქ საუბარი ამაზე არ არის. აქ საუბარია სამართლიანობაზე და სამართლიანობის მხარეს უნდა იდგეს ყველა, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა. ყოჩაღ, ჩვენს ოფიცრებს და მოვუწოდებ იმავე მიდგომებისკენ, ვისაც აიძულებენ, უკანონო ბრძანებები შეასრულონ” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისათვის, იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა ზურაბ ხმელიძემ სამსახური დატოვა და ამ გზით, რიონის ხეობის მცველებს, რომლებიც ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, სოლიდარობა გამოუცხადა.