ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: სასამართლოსთან მივიდეთ ხვალ, მოსამართლეს არ მივცეთ შესაძლებლობა, იყოს პოლიტიკური ნების გამტარი

რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხვალ, 3 ივნისს სასამართლოსთან შეიკრიბებიან და მათი აქტივისტის, ირაკლი მუკბანიანის დაკავებას გააპროტესტებენ. გოლეთიანის ინფორმაციით, მოსამართლე დაკავებულს ბრალს ხვალ წარუდგენს.

“ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მთელი პროცესი მარგინალურ ვექტორზე წაიყვანოს. ამით ჩვენი მოძრაობა გააშაოს. ცდილობენ, ინც ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებს, მოხდეს მათი გამარგინალება და გაშავება მთელი ჩვენი მოძრაობის. ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე და არავის მიცვემთ იმის საშუალებას, რომ გამოიყენოს ეს პროცესი ისე, ადამიანს დააბრალოს ის, რა ნაწილშიც მას არანაირი დანაშაული არ მიუძღვის.

ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს და ბრალი ჯერ არ წარდგენია ირაკლის. ხვალ შედგება სასამართლო და აუცილებელია, რომ თითოეული ჩვენთაგანი სასამართლოსთან შევიკრიბოთ. საათს დავწერთ ზუსტად, როდის იქნება ეს შეკრება სასამართლოსთან, ჯერ არ ვიცით როდის ჩაინიშნება პროცესი. ვიყოთ ყურადღებით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეთ ხვალ სასამართლოსთან და მოსამართლეს არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ იყოს პოლიტიკური ნების გამტარი”, – თქვა გოლეთიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ საყულიეში ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ირაკლი მუკბანიანის დაკავებისას პოლიციამ გამაფრთხილებლად გაისროლა. უწყებამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც თვითმხილველებმა თქვეს, რომ სპეცრაზმმა მუკბანიანის დაკავებისას მათი მიმართულებით გაუფრთხილებლად ისროლა. მათივე თქმით, ერთი პირი რეზინის ტყვიით, მეორე კი ცეცხლსასროლი ტყვიით დაიჭრა.

უწყების ცნობითვე, მუკბანიანს 29 მაისს, აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....