პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის მიმართვას ავრცელებს:
“ძალიან მოკლედ მინდა გაგაცნოთ ჩვენი გუნდის #საქართველოსთვის გეგმები კორუფციასთან დაკავშირებით. დეტალები ბუნებრივია, პარტიის პროგრამაში იქნება წარმოდგენილი.
✔️სახელმწიფოს არ აქვს კორუფციის წინააღმდეგ გაცხადებულად მკაცრი მიდგომა და ერთიანი პოლიტიკა. კორუფციის გამოძიების ფუნქცია გადანაწილებულია სხვადასხვა უწყებაზე;
✔️არ არსებობს კორუფციის გამოძიების ქმედითი და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მექანიზმი;
✔️კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ფრაგმენტულია და მეტწილად შემოიფარგლება დაბალი რანგის მოხელეების მიმართ დევნის განხორციელებით;
✔️არაეფექტიანია დისცინპლინური პასუხისმგებლობის შიდა მექანიზმები. სუსტია კოორდინაცია ამ მექანიზმებსა და საგამოძიებო უწყებებს შორის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშაულის პრევენციისთვის.
ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია არსებული გამოწვევების. აღნიშნული მნიშვნელოვნად აფერხებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას და საბოლოო ჯამში, ერთგვარად ახალისებს კიდეც კორუფციას.
ჩვენ ჯერ კიდევ 6 თვის წინ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები კორუფციის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის მიმართულებით – დავაინიცირეთ კანონპროექტი და უწყებათაშორისი საბჭო იუსტიციის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოვიტანეთ. ჯერ კიდევ მაშინ გვქონდა კონკრეტული გეგმა, რაც დღეს უკვე ასახულია ჩვენი პარტიის პროგრამაში და სულ მალე გამოხატულებას ჰპოვებს ჩვენი საპარლამენტო გუნდის მიერ დაინიცირებულ კონკრეტულ საკანონმდებლო წინადადებაში, რომელიც, პირველ რიგში, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ისახავს მიზნად.
ამ პროცესში აუცილებლად ვიმუშავებთ ექსპერტების და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით”, – წერს ნათია მეზვრიშვილი.
ცნობისათვის, გიორგი გახარიამ პარტია საქართველოსთვის პრეზენტაცია გამართა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გუნდის წევრები ერთიანდებიან საქართველოს ძლიერებისთვის, თუმცა არავის წინააღმდეგ.