ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წლებია ირღვევა ბავშვების უფლებები, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას — ლომჯარია

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკვე წლებია, ბავშვების უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ვხვდებით, რის წინააღმდეგაც სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

“საქართველოში, წლების განმავლობაში ვხვდებით ბავშვის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებს, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია მხარდამჭერი სერვისების არაეფექტიანობასთან, სახელმწიფოს დაგვიანებულ რეაგირებასთან, სოციალური და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამების ხარვეზებთან. საზოგადოების დამოკიდებულება ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ კვლავ არაერთგვაროვანია და ხშირად, ბავშვები პირისპირ რჩებიან ძალადობის წინაშე. ამ დრომდე, პასუხისმგებელი უწყებები არ ახდენენ ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტების დროულ იდენტიფიცირებას, სათანადო რეაგირებას და არასრულწლოვნების მხარდაჭერას მათი საჭიროებების შესაბამისად”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ პანდემიამ ბავშვების მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. გაიზარდა ბავშვის მიმართ ძალადობის, მათი ჯანმრთელობის, ბავშვთა სიღარიბისა და განათლების უფლების დარღვევის რისკები. საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების რაოდენობა 152.000-დან 186.000-მდე გაიზარდა. ხარვეზებთან იყო დაკავშირებული დისტანციური სწავლების პროცესიც, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის, სიღარიბეში და სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის. გამოწვევად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობა; 2020 წელს, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპოლატაციის 254 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.

ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა დიდი ზომის დაწესებულებებზე, როგორიცაა ნინოწმინდის პანსიონი, რომლის მონიტორინგის საშუალებაც არ მიეცა.

“დღესაც ფუნქციონირებს არაერთი რელიგიური სკოლა-პანსიონი, სადაც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მონიტორინგი არ არის სრულყოფილი და ეფექტური. განსაკუთრებით პრობლემურია ნინოწმინდაში არსებული პანსიონის მონიტორინგის საკითხი, რომელზე ფაქტობრივ ზედამხედველობას სახელმწიფო ვერ ახორციელებს. სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიების აღსრულება, რომლითაც მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა”, – განაცხადა ომბუდსმენმა.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რა უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვთა უფლებები სათანადოდ დაცული იყოს:

გადაიხედოს ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით არსებული პოლიტიკა, იმ სოციალური და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების ეფექტურობა, რაც ხშირად სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების ბაზისურ საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს;
გაგრძელდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, გაძლიერდეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსით და სახელმწიფომ უზრუნველყოს დიდი ზომის დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის, სახალხო დამცველის, როგორც მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ;
დროულად შემუშავდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამები, აქტიურად გატარდეს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციული ღონისძიებები და პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ აღნიშნული მიმართულებით ერთმანეთთან დროული და ეფექტიანი კოორდინაციის სისტემა.

იტვირთბა....