ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კოსმოსური სააგენტო ჰგონიათ, უნდა წავიდე და დავიპყრო მარსი — ზილფიმიანის ინიციატივები

ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზილფიმიანმა metronome.ge-სთან ინტერვიუში საკუთარ ინიციატივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოსმოსური სააგენტოს ინიციატივა არასწორადაა გაგებული.

“დღეს არ არსებობს დარგი კოსმოსის გარეშე. კოსმოსური სააგენტოს ფუნქცია არის საჭირო ინფორმაციის განაწილება ყველა დარგისთვის ანუ – Dispatcher. დღეს სოფლის მეურნეობას სჭირდება, იცოდეს, ვინმემ ხომ არ შეიტანა პესტიციდები, ვინმემ დაამუშავა თუ არა მიწა, სავარგულები რა მდგომარეობაშია, იგივე მცენარეების დაავადებები. დღეს ეს ყველაფერი სრულყოფილია, ათასობით სატელიტი დაფრინავს. გგონიათ, სატელიტი საქართველოზე რომ გადაიფრენს, გამორთავს, ხოლმე? — არა, ის ამასაც აკვირდება. საკამრისია, შენ გქონდეს სააგენტო, რომელიც გახდებოდა ევროპული კოსმოსური სააგნტოს წევრი, სადაც ვიმუშავე 5 წელი და გავაწევრიანებდი საქართველოს. იმის წევრი რომ ხარ, შენ ეს ყველაფერი ხო გაქვს უკვე. ზოგს კოსმოსური სააგენტო ჰგონია, რომ უნდა წავიდე და დავიპყრო მარსი”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

გარდა ამისა, ზილფიმიანმა ისაუბრა თავის ძველ ინიციატივაზე, რომელიც ახლაც აქვს და რომლის თანახმადაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო უნდა ერქვას.

“სამეცნიერო ინსტიტუტები ეს არის პოლიგონი უმაღესგანათლებული სტუდენტებისთვის, რათა განვითარდნენ როგორც მეცნიერები. არ შეიძლება, სასწავლო სტრუქტურა ხელმძღვანელობდეს მაღალტექნოლოგიურ სისტემას, სადაც მხოლოდ პროფესიონალების ადგილია — ეს არის შესაცვლელი. როგორც წესი, ყველგან ამ სტრუქტურას ჰქვია მეცნიერებისა და განათლების. ვგულისხმობ, არა მხოლოდ სახელის შეცვლას, ვგულისხმობ, პრიორიტეტებს”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
ასევე, ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ ეროვნული გამოცდების ნაცვლად, მოსწავლეები, სანამ უმაღლეს სასწავლებელში შევლენ, სასკოლო გამოცდას მასწავლებლებს უნდა აბარებდნენ. რაც შეეხება საუნივერსიტეტო გამოცდას, იქ მისაღებად აბიტურიენტები გამოცდას პროფესორებს უნდა აბარებდნენ იმის მიხედვით, რა ფაკულტეტზეც სურთ სწავლა.

“ეროვნული გამოცდით ავტომატურად ვერ უნდა შედიოდე უმაღლესში, რაღაც ბარიერი უნდა იყოს. უმაღლესმა სასწავლებელმა თავად უნდა გამოსცადოს მისაღები სტუდნეტი. შვიდ უნივერსიტეტს რომ ჩამოწერ და კულინარიაზე ვერ მოხვდი და უცებ ხდები მათმატიკოსი და ამ დროს მათემატიკა არ ჩაგიბარებია, ამან დაღუპა ქვეყანა”, – განაცხადა ზილფიმიანმა.

დავით ზილფიმიანის მესამე ინიციატივა კახეთში მატარებლის ლიანდაგების აღდგენას გულისხმობს, რომელიც იქაურ გლეხებს გასაყიდი პროდუქტის ქალაქში იაფად ჩამოტანაში დაეხმარება.
“მატარებელი კახეთში — ამ საკითხს მაინც ამოვთხრი, მაინც მივიყვან ბოლომდე. ჩვენი ქვეყნის მთავარი ბეღელი არის კახეთი. კახეთი კარგად არის — მთელი საქართველო კარგად არის. გლეხთან ჩადის სპეკულიანტი, ყიდულობს კაპიკებად პროდუქტს, ჩამოაქვს და მამასიხსხლად ჰყიდის პროდუქტს. მატარებელი ყოველთვის ღირს ათჯერ უფრო იაფი ვიდრე სხვა ტრანსპორტი. როგორ შეიძლება მატარებელი კახეთს არ ჰქონდეს”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ზილფიმიანმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთთან ომში ვართ და გვჭირდება სადაზვერვო ინფორმაცია, ამ ინფორმაციაზე, ასევე ზვავების-მეწყერების მონიტორინგი და მრავალი სხვა ინფორმაციაზე, სწორედ კოსმოსური სააგენტოს მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

 

იტვირთბა....