პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარსადგენად ნდობა გამოხატეს.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„უპირველს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ. მე წილად მხვდა ეს ბედნიერება, როდესაც ბატონი ირაკლი იყო პრემიერ-მინისტრი და ასევე იმ ნდობისთვის, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადა, ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომელმაც ნდობა გამოხატა ჩემი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, შევიკრიბებით კიდევ ერთხელ გუნდი და არ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, უმნიშვნელო ცვლილებები შეიძლება მოხდეს“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.