ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე სტეფანემ იღუმენ დანიელ გვილავას სამღვდელო ხარისხი ჩამოართვა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, იღუმენ დანიელ გვილავას სამღვდელო ხარისხი ჩამოართვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მრევლს და მედიას მეუფემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას გააცნო.

მეუფის განმარტებით, ის იძულებული გახდა მიეღო ეს გადაწყვტილება, რადგან მამა დანიელ გვილავა და სასულიერო პირების ნაწილი ცდილობენ, რომ ეპარქიაში მუდმივი არეულობა შეიტანონ, რაც ეწინააღმდეგება ეპარქიის წესებს.

რაც შეეხება ეპარქიაში მიმდინარე გადაბარების პროცესს, მიტროპოლოტის განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობს სპეციალური კომისია. მისივე თქმით, თუ სასულიერო პირები შეეცდებიან, დაუპირისპირდნენ კომისიას და ხელი შეუშალონ მუშაობაში, მიიღებენ შესაბამის ზომებს.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისთვის, სასულიერო პირის შუფერებელი საქციელისთვის, განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან იღუმენი დანიელი გვილავა, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელთმსახურება, მაგრამ, მიუხდავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. დღეიდან მას აღარ ეწოდება იღუმენი დანიელი, არამედ მინაზონი დანიელ გვილავა”, – თქვა ქადაგებისას მიტროპოლიტმა.

ცნობისათვის, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მამა დანიელს სალხინოს მონასტრის ობიექტების გასაღებები მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა განკვეთით. თავის მხრივ, მამა დანიელი მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანების შესრულებას არ აპირებს და არც სალხინოს რეზიდენციის დატოვებას გეგმავს.

საუბარია სალხინოს ღვინის მარანზე და რეზიდენციაში არსებულ სხვადასხვა ობიექტებზე. ყოფილი მღვდელი მეუფე სტეფანეს კორუფციაში ადანაშაულებს და საეკლესიო კანონებს ახსენებს.

 

იტვირთბა....