საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით პირდაპირი რეგულარული რეისები განახლდება. მათივე ცნობით, 19 ივნისიდან ავიაკომპანია ვიზიარი ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტის რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს.
26 ივნისიდან, Wizzair -ი ქუთაისიდან ვროცლავის მიმართულებით იფრენს კვირაში ორჯერ, ხოლო 29 ივნისიდან – ვენა-ქუთაისი-ვენის საჰაერო ხაზზე. უნგრული დაბალბიუჯეტიანი კომპანია ამ ეტაპზე ფრენებს ქუთაისიდან ვარშავის, რიგის, ვილნიუსის, დორტმუნდის და კატოვიცეს მიმართულებით ასრულებს. 30 მაისიდან ანუ ხვალიდან, ამ ჩამონათვალს ქუთაისი გდანსკი დაემატება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Wizzair -ს ფრენის ნებართვა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 21-ვე მოთხოვნილ მიმართულებაზე მისცეს. ესენია აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი.
“თუმცა, ფაქტობრივად, ამ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე – დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით”, – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ავიაკომპანია Wizzair -მა ქუთაისი-რიგის რეისები ოქტომბერში რამდენიმე კვირით განაახლა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, მხოლოდ 3 რეისი შეასრულა საახალწლო პერიოდში.