ლელო საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიმართვას ავრცელებს: მისი თქმით, ჰესი უნდა აშენდეს მაღალი ევროპული სტანდარდით, ადგილობირივი მოსახლეობის ჩართულობით და „ბარიკადების აღმართვით ვერაფერს ააშენებ“.
“დისკუსია – უნდა აშენდეს თუ არა, უნდა შევწყვიტოთ, პასუხია კი! უნდა ავაშენოთ, მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ევროპული სტანდარტით, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ყველა კითხვაზე პროფესიონალების კვალიფიციური პასუხის და დასკვნის შემდეგ, სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით, ინვესტორთან სამართლიანი ხელშეკრულების და რისკების გადანაწილების პირობებში. ძალით და ბარიკადების აღმართვით ვერაფერს ააშენებ, და თუ მაინც ააშენებ, ის ვერ მოემსახურება ადამიანს, გარემოს, მომავალს, მის კეთილდღეობას და ვერც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას!“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველები ამ დროისთვის გუმათში იმყოფებიან. მათი თქმით, კონკრეტულად სამშენებლო კომპანია ენკას არ მისცემენ ჰესის მშენებლობის უფლებას. თუმცა, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და ისინი რიონის ხეობის მცველებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.