aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

NGO-ები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და უზრუნველყოს ინკლუზიური, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებული განხილვის პროცესი.

“მიგვაჩნია, რომ წარსული რეფორმების სისტემური გადაფასების და საფუძვლიანი ცვლილებების გარეშე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის მისი მიზნების მიღწევას”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 26 მაისს გამართულ კონფერენციასთან დაკავშირებით, მმართველმა ძალამ პროცესების სრული იგნორირების სტრატეგია არჩია და პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად გადაიტანა კონკრეტულ მოსამართლეებსა და სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფზე.

“ეს მოცემულობა კი მიუთითებს ხელისუფლების ნების არქონაზე, გაატაროს რეალური რეფორმა და გადადგას ნაბიჯები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.

ცალკე შეშფოთებას იმსახურებს სასამართლო ხელისუფლებაში განსხვავებული, კრიტიკული აზრის უკიდურესი დეფიციტი. 26 მაისს ჩატარებულ კონფერენციაზე, მოსამართლეთა კორპუსს არ ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, თუ ვინ იქნებოდა საბჭოს წევრობის კანდიდატი და აღნიშნული მათთვის მხოლოდ კონფერენციის დღეს გახდა ცნობილი. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილე მოსამართლეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რეალურად მოესმინათ კანდიდატების ხედვა და მოსაზრებები სისტემაში არსებულ ვითარებაზე. ამის მიუხედავად, მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ყოველგვარი კითხვებისა და დაინტერესების გარეშე დაუჭირა მხარი წამოყენებულ კანდიდატებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებს:

– საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და, ამ მიზნით, უზრუნველყოს ინკლუზიური, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებული განხილვის პროცესი;

– საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთოს სასამართლოს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ყველა იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;

ღია საზოგადოების ფონდი;

უფლებების საქართველო;

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

იტვირთბა....