ლიტვაში „ვივუსი“ დახურეს. გავცელებული ინფორმაციით, „ვივუსის“ აკრძალვის მიზეზი ფინანსური დარღვევები იყო, სწორედ ამის გამო მიიღო ლიტვის ცენტრალურმა ბანკმა მისი აკრძალვის გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე “მეტრონომმა” გადაწყვიტა საქართველოში არსებული საკრედიტო ინსტიტუტებში არსებულ პრობლემებზე თემა მოემზადებინა.
საქართველოში ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ონლაინ-კრედიტების კომპანიებია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები „ეროვნული ბანკის“ მიერ რეგულირდება. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მიკროსაფინანსოების შესახებ გვამცნობს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
რაც შეეხება ონლაინ კრედიტებს ისინი შ.პ.ს რეგისტრირდებიან და ეროვნული ბანკის მხრიდან რაიმე რეგულაცია არ არსებობს.
„საზოგადოება და ბანკების“ საბანკო ექსპერტის დავით კიკვიძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი რომ მოიპოვო საჭიროა ეროვნული ბანკის ლიცენზია. ასეთი სახის ორგანიზაციები არიან „კრედო“, „რიკო კრედიტი“, „სვის კაპიტალი“ . სულ საქართველოში 80 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 20 ონლაინ სესხის გამცემი კომპანია მუშაობს.
კიკვიძის მტკიცებით, ასეთი სახის ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში საკმაოდ ხშირია, რადგან ისინი უზრუნველყოფენ მოქალაქეების, ფიზიკური პირების მოკლევადიან დაკრედიტებას.
„განვითარებულ ქვეყნებში ონლაინ სესხების კომპანიები ბევრია. ეს არის ინსტიტუტის, “მასესხე ხელფასამდე” ჩანაცვლება. ეს უფრო კომფორტულია ვიდრე ახლობელთან მისვლა და ფულის სესხება. ჩვენთან ამან სოციალური პრობლემა გამოიწვია, რადგან მოსახლეობის ფინანსური განათლების დონე ძალიან დაბალია. ჩვენ არ ვიცით სესხების საჭიროებიდან გამომდინარე აღება და მათი დაბრუნება. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა თანხას სესხულობს და არამიზნობრივად ხარჯავს მაგალითად რესტორანში, პოკერის სათამაშოდ… ამის გამო ონლაინ სესხები აფუჭებენ მოქალაქეების საკრედიტო ისტორიას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ონლაინ სესხების რეგულაცია არ არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ისისი ფინანსურ სფეროში მოღვაწეობენ და საჭიროა მათი გარკვეულ ჩარჩოებში ჩასმა“. – აცხადებს კიკვიძე.
„საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოსის თქმით, პროცედურულად ბანკში კრედიტის აღება უფრო რთულია, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. კომერციული ბანკები მსესხებლის შემოსავლებს ამოწმებენ, მიკორსაფინანსო ორგანიზაციები კი მხოლოდ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს გასცემენ, ესეც გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს, რადგან მაღალ პროცენტში გაიცემა და შემოსავლის გათვალისწინება არ ხდება. კიკვიძის თქმით, ონლაინ სესხებს სხვა პროფილი აქვთ, ისინი კერძო პირებზე შედარებით მცირე თანხას გასცემენ და მსესხებელს ევალება ეს თანხა მცირე დროში დააბრუნოს.
საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეული ამ პროცესში ქონების დაკარგაა. ჩვენ ვიცით ე.წ იპოთეკით დაზარალებულთა შესახებ, რომელთა პრობლემებიც წინასაარჩევნოდ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის პროგრამაში ხვდება.
„საზოგადოება და ბანკების“ სტატისტიკის მიხედვით, კერძო მევახშეებთან ექმნებათ ყველაზე მეტი პრობლემა მოქალაქეებს.
„რაც შეეხება ქონების დაკარგვებს, სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ჩამორთმეული ქონების მხრივ, პირველ ადგილზე კერძო მევახშეები არიან, მეორეზე კომერციული ბანკები, ხოლო მესამეზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები“. – აცხადებს კიკვიძე.
რამდენად მნიშვნელოვანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ-კრედიტების არსებობა ქართული ეკონომიკისთვის და უნდა არსებობდეს მკაცრი რეგულაციები ეროვნული ბანკისგან ან სახელმწიფოს მხრიდან?
ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ რომანგ გოცირიძეს მიაჩნია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პროცენტის სიდიდეს ბაზარი განსაზღვრავს.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აკეთებენ უდიდეს საქმეს. დღეს მიკორსაფინანსო ორგანიზაციების მთელი აქტივები, ანუ მათი მთელი ქონება არის იმდენი რამდენიც იყო საქართველოს მთელი საბანკო სისტემის მთელი საბანკო აქტივები ერთად აღებული შევარდნაძის დროს (მაშინ 25 ბანკი იყო). ეს არის ძალიან დიდი მოთამაშე ბაზარზე. როგორც წესი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სხვა კლიენტურა ჰყავს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიდიან ისინი, ვინც დიდი ბანკებისგან სესხს ვერ იღებენ. მიკორსაფინანსო ორგანიზაციის პროცენტი დამოკიდებულია არა მარტო ფინანსურ რესურსებზე რომელიც ქვეყანას გააჩნია, არამედ რისკებზე. როდესაც ისინი რისკავენ, პროცენტი ყოველთვის არის რისკის დამაბალანსებელი“. – აცხადებს გოცირიძე.
მიკორსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინკრედიტების მარტივად გაცემული სესხების დაფარვა ფიზიკურ პირებს უჭირთ და ხშირ შემთხვევაში უძრავ ქონებასაც კარგავენ. გოცირიძე ამ საკითხს შემდეგნაირად უდგება: “მე თქვენ ფული მოგეცით და არ გინდათ ფული დამიბრუნოთ? ამის გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უნდა გაკოტრდეს?“ -კითხულობს გოცირიძე.
გოცირიძის თქმით, როცა ადამიანს ფული უჭირს, კომერციული ბანკი მას ფულს არ აძლევს და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მას ფულს მისცემს ეს მისთვის შეღავათია.
ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილიც მიიჩნევს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირება საერთოდ არ უნდა ხდებოდეს.
„საპროცენტო განაკვეთი არის ჩვეულბრივი საბაზრო ფასი და ვისაც არ აწყობს შეუძლია არ აიღოს სესხი. მე პირადად არ ვემხრობი ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს. რეგულაციების დაწესება მაღლა წევს სწორედ საპროცენტო განაკვეთებს. როდესაც ბევრი რეგულაციებია, მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ ბაზარზე დომენირიბა და ვერ შედიან მცირე ბიზნესმენები. შესაბამისად, მცირე რეგულაციის პირობებში ბაზარზე ბევრი კომაპანია იქნება, კონკურენციის პირობებში კი შესაძლოა დაიწიოს საპროცენტო განაკვეთი“. – აცხადებს ხორგუაშვილი.
ხორგუაშვილიც გოცირიძის მსგავსად მიკორსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ კრედიტების არსებობის საჭიროებას უსვამს ხაზს. მისი თქმით, ამ ორგანიზაციების არსებობას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე პრობლემა. გოცირიძე თქვლის, რომ მაღალი პროცენტი, რომელსაც ეს ორგანიზაციები გვიწესებენ ლარის გაუფასურებითაც არის გამოწვეული. შეგახსენებთ, ლარი 35% პროცენტით არის გაუფასურებული.
ეკონომისტები გვიმტკიცებენ, რომ პრობლემა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების არსებობაში კი არ არის, არამედ მოსახლეობის დაბალ ფინანსურ განათლებაში და იმ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში რაშიც ვცხოვრობთ.
მარიამ ვარადაშვილი