ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: ლეჩხუმი არც მთავრობისაა და არც რიონის ხეობის მცველების

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

“პატივს ვცემ ლეჩხუმელების ბრძოლას საკუთარი სიმართლისთვის, თუმცა ეს სიმართლე რაშია, მათგან ეს ჯერ კარგად ვერ მოვისმინე. პირადად, მათგან ვერ მოვისმინე, რა არის მათი სიმართლე. ექსპერტების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების და ენჯეოების კი არა – პირადად მათი. მიტინგზე რაც მოვისმინეთ და ალბათ კვლავ მოვისმენთ, არავითარ კავშირში არ არის რაციონალურ მსჯელობასთან და, ბოდიში, ირაციონალური გადაწყვეტა ამ საკითხს ვერ ექნება. ემოციური ინტელექტით ვერ მიიღება გადაწყვეტილება ამხელა მნიშვნელობის საკითხზე.

გამუდმებით იმის მტკიცება, რომ ჩვენ მარტო მთავრობას ველაპარაკებით, მხოლოდ კომპანია ენკას კი არ გამორიცხავს ამ დიალოგიდან, არამედ საზოგადოებასაც. არადა, ასეთი მნიშვნელობის საკითხი სრული ინკლუზიურობით უნდა გადაწყდეს. ერთხელ უკვე მიიღო ოცნების მთავრობამ გადაწყვეტილება ექსკლუზიურად ერთ მხარესთან საუბრით. ახლა, რიონის მცველები იგივე მეთოდს რატომ გვთავაზობენ და ახლა უკვე თავად რატომ გამორიცხავენ ინკლუზიურ დისკუსიას, გაუგებარია. რას ნიშნავს, მარტო მთავრობასთან გვაქვს საქმე? ლეჩხუმი არც მთავრობისაა (რომელსაც ასე გონია, როგორც ვხედავთ) და არც რიონის ხეობის მცველების (როგორც იკვეთება, შესაძლოა მათაც ასე ეგონოთ). ლეჩხუმი ჩვენია. ყველასი. საზოგადოების. საზოგადოების, რომელიც ღირსია, რომ დაგველაპარაკონ როგორც მთავრობა (რომელზეც ხელი აქვს ყველას ჩაქნეული), ასევე ის მხარე, ვინც პოტენციურ 800 მილიონ დოლარიან ინვესტიციას აჩერებს (შესაძლოა სამართლიანადაც. რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, არსებობს ინვესტიციაზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც).

ps თუ ვინმეს გონია, რომ რაკი ქოცური მთავრობაა იქეთ მხარეს, ამიტომ მისი ნებისმიერი მოწინააღმდეგე a priori მართალი და მოსაწონია – ძალიან ცდება”, – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსნებთ, რომ რიონის ხეობის მცველების პროტესტი უკვე მესამე დღეა თბილისში რესპუბლიკის მოედანზე იმართება. მათ წამოაყენეს მოთხოვნები რომლის მიხედვითაც, რიონის ხეობიდან კომპანია ენკა უნდა წავიდეს, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და ყველა იმ ადამიანის სისხლის სამართლებრივი საკითხი დადგეს, ვინც დოკუმენტს ხელს აწერს. ვარლამ გოლეთიანმა მთავრობას გარკვეული დრო მისცვა ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მაგრამ ამ დრომდე არცერთი მოთხვონა არაა დაკმაყოფილბული მმართველი გუნდის მხრიდან.

 

იტვირთბა....