რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, საიდან ფინანსდება მათი აქცია, რომელიც ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდაა მიმართული. ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულამ გაავრცელა.
“ტრანსპორტირების ნაწილში თვითორგანიზდება ხალხი, ამიტომ არის ჩვენი შეკრებები ამ კუთხით უპრეცედენტო. ჩვენ ამაში ვერც ჩავდებთ ვერანაირ რესურსს. რაც შეეხება სცენას, უკვე ნახევარი წელია, რიონის ხეობაში დგას. იცით, ემიგრაცია როგორ უჭერს ამ პროცესებს მხარს. გვეხმარებიან ამ ყველაფრის მოწყობაში. ფინანსურ ნაწილში დიდწილად გვიდგანან გვერდით. მარტო ემიგრაციაც არა, ჩვენც ჩვენი რესურსით, ჩვენი მეგობრები. უმნიშვნელოვანესია ის, რომ აქ ყველას მიაჩნია, რომ ამ პროცესში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ეს არის მართლა ყველაზე სასიამოვნო მთელ ამ პროცესში. ადამიანები იმდენად არიან განწყობილები ამ პროცესისთვის — ყველას ფიზიკურად არ შეუძლია კარავში დგომა, ნახევარი წელი რიონის პირზე, რიყეზე წოლა. ვისაც რაც შეუძლია, იმას აკეთებს, ზოგი ამ ფინანსებს იღებს, რითაც მერე უზრუნველვყოფთ იმას, რასაც უზრუნველვყოფთ. სასაცილოა, რომ რუსეთიდან ფინანსდება. ეს სცდება ყველანაირ ნორმატიულ განსაზღვრებას”, – განმარტა ვარლამ გოლეთიანმა.
რიონის ხეობის მცველების მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა უკვე ამოიწურა. როგორც ვარლამ გოლეთუანმა აღნიშნა, თუ ხელისუფლება მათ მიერ წაყენებულ ულტიმატუბეს არ შეასრულებს, ისინი იძულებული იქნებიან ჩაკეტონ სრულიად ქალაქი და მისი პარალიზება მოახდინონ.
რიონის ხეობის მცველების პირველი საპროტესტო აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართა.
მათი მოთხოვნებია:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში – აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.