რესპუბლიკის მოედანზე ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დაიწყო. ადგილზე მისულმა რიონის ხეობის მცველმა და აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ დადგა დრო სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების.
“იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაწყდეს, მნიშვნელოვანია ერთობა და სიმრავლე, რომელიც მიღწეულია დღეს. ამიტომ, ბრძოლა იწყება აქ და ახლა. ჩვენ ამას მივიყვანთ ბოლომდე და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება და დასრულდება ყველაფერი.
დღის წესრიგში დადგა საკითხი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და არსებობის. ჩვენ მუდმივად გვემართება ასეთი რამ, ამა თუ იმ პარტიას ძალაუფლებას გადავცემთ და შემდეგ კაცი აღარ ჩანს, რომელიც გააკონტროლებს ამ გადაცემულ ძალაუფლებას, აგრძნობინებს პასუხისმგებლობას იმ სკამებზე, რომელზეც ახლა ასე, კომფორტულად არიან მოთავსებული. ჩვენ ამას ვადევნებთ თვალს და ვართ გამწარებული ყველა, მაგრამ თითქოს ზემოქმედების ბერკეტი და მექანიზმი ხელთ არ გვიპყრია”, – აღნიშნა გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ დაანონსებული მასშტაბური აქცია 14:00 საათზე უნდა დაიწყოს.