“ბაბუაჩემი ბრუნდება თავის სამშობლოში. ეს ახდენილი ოცნებაა. არ მეგონა, თუ ეს ოდესმე მოხდებოდა”, – ამის შესახებ გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის პატივის მისაგებად გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
“ყოველთვის იყო ძალიან დიდი სურვილი, მას ძალიან უნდოდა დაბრუნება დემოკრატიულ საქართველოში. ის საფრნაგეთში დაიღუპა ისე, რომ არ უნახავს მისი სამშობლო. ჩვენთვის მისი შთამომავლებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღეა. დაუჯერებელი დღეა და ბენდიერი ვარ, რომ არ ყველაფერის მონაწილე ვარ”, – თქვა გენერალ კვინიტაძის შვილიშვილმა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლი, ემიგრაციაში გარდაცვლილი ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს.
აეროპორტიდან გენერლის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც 26 მაისამდე სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.