აქტივისტი გოგი წულაია საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს და პარტიის დაარსებას აანონსებს. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, წულაია გეგმავს, ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
მეტრონომი წულაიას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
“მოგესალმებით მეგობრებო, მხარდამჭერებო და უბრალოდ გულშემატკივრებო გლდანის მე-18 სამკურნალო სასჯელაღსრულების 405-ე საკნიდან .
მინდა გითხრათ, რომ როდესაც დავტოვე პარტია “თავისუფალი საქართველო” , ერთ ვარიანტად განვიხილავდი პარტიის ჩამოყალიბებას. ნუ, აქ ყოფნამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა პარტიის დაარსება.
პარტიის პროგრამა მინიმუმი იქნება რომ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მოვიცვათ ყველა სოფელი და რეგიონი . ამაზე ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო, რადგან თუ ვინმე ოდესმე მისმენდა, იცის რა დამოკიდებულება მაქვს სოციალური და საერთო სამართლიანობის მიმართ, ასევე თვითმმართველობის გაძლიერების მიმართ , რომ ახლანდელი თვითმმართველობა არის მხოლოდ ბუტაფორია და მეტი არაფერი და ასევე რა მიდგომები მაქვს ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ადგილობრივ მრეწველობის განვითარებაზე. აი, ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი , რადგან ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ რეალურ თვითმმართველობას, სამართლიანობასა და მრეწველობას, რომელიც გაადარჩენს ქვეყანას.
მინდა ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს ვინც თვლის, რომ ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა, დამიჭიროთ მხარი და დამეხმაროთ პარტიის დაფუძნებაში .
გამოხატეთ თქვენი აზრი თუ ხართ მზად თანამშრომლობისთვის და ერთად ბრძოლისთვის.
თქვენი გოგი წულაია. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მხარს მიჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში და მომავალშიც აპირებთ დამეხმაროთ როგორც პარტიის შექმნაში, ასევე თავისუფლებისთვის ბრძოლაში!”, – წერს წულაია.
გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. წულაია ბრალს არ აღიარებს.