ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იმნაძე: იმედია, 2-3 კვირაში, თუ კიდევ სტაბილიზაციას მივაღწევთ, რეგულაციები შემსუბუქდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ასი ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით, საქართველოს ინდოეთზე მაღალი ავადობა აქვს. მისივე განცხადებით, ინდოეთის პრობლემაა, რომ მისმა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გაუძლო ინფიცირების ასეთ მაჩვენებელს. პაატა იმნაძე ამბობს, რომ მოქალაქეები ფრთხილად უნდა იყვნენ, მით უფრო, ზაფხულის პერიოდში პირბადის ტარება გაჭირდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

“ხო გვესმის ყველას, რატომ არის კომენდანტის საათი, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობა, ესაა დანიშნულება. მობილობის დაგდება ნიშნავს, რომ მე არ წავიდე გვიან საღამოს მეგობართან. ჩვენ ჯერ კიდევ დღეს მსოფლიოს ოცეულში ვართ 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალი ავადობით. დღევანდელი მონაცემებით, ინდოეთზე წინ ვართ 100 000 მოსახლეზე ავადობით. ის, რომ ინდოეთში ასეთი საშინელება ხდება და ვუყურებთ, სამწუხაროდ, ინდოეთის ჯანდაცვის სისტემამ ზოგ ადგილებში ვერ გაუძლო დიდ დატვირთვას. ჩვენ დღეს უფრო მაღალი ავადობა გვაქვს, ვიდრე ინდოეთს 100 000 მოსახლეზე და ეს იმ ფონზე, როცა ჩვენთან შემსუბუქები უკვე დაიწყო”, – თქვა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ პირბადის ტარება და 23:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა საშუალებას იძლევა, ინფექცია ძალიან არ გაღვივდეს. ამასთან, მან გამოთქვა იმედი, რომ სტაბილური ეპიდვითრების შემთხვევაში, 2-3 კვირაში რეგულაციების შემსუბუქება შესაძლებელი იქნება.

“მეც ძალიან მინდა, შეზღუდვები რომ მოიხსნას. მაგრამ ძალიან ბევრი ჩვენზეა დამოკიდებული, გაზაფხულდა და სულ უფრო გაჭირდება პირბადის ტარების წესის დაცვა, განსაკუთრებით გარეთ, ალბათ ხედავთ კიდეც. ამიტომ, ეს ორი, რაც დღეს კიდევ დაგვრჩა – პირბადე და 11 საათიდან მობილობის შეზღუდვა, ესაა ის, რომ არ მისცეს ინფექციას ძალიან გაღვივების საშუალება და რამენაირად კიდევ დავწიოთ ახალი შემთხვევების რიცხვი. დიდი იმედი მაქვს, რომ 2-3 კვირაში, თუ კიდევ გარკვეულ სტაბილიზაციას მივაღწევთ, შესაძლებელი იქნება რაღაც რეგულაციების კიდევ შემსუბუქება”, – აღნიშნა იმნაძემ.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო დღე-ღამეში, 1 135 ადამიანი გამოჯანრთელდა, 29 კი, გარდაიცვალა.

იტვირთბა....