ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

ორი აცრის შემდეგ შეგვიძლია, უნიღბოდ შევიკრიბოთ და სუფრაც გვქონდეს — ინტერვიუ პაატა იმნაძესთან

ქვეყანაში, თითქმის, წელიწადნახევარია კორონავირუსის პანდემიაა. ამ დროის განმავლობაში პანდემიის მართვის არაერთი წესი და რეგულაცია შემუშავდა. აღნიშნული რეგულაციები გარკვეული პერიოდულობით მკაცრდება ან მსუბუქდება. metronome.ge დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს დაუკავშირდა, რომელმაც რეგულაციების შემსუბუქებაზე, კოვიდპასპორტზე, ვაქცინირებულების პრივილეგიებზე და სხვა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა. რა დადებითი გავლენა აქვს ამას პანდემიის მართვაზე და შესაძლებელი იქნება თუ არა ახლო მომავალში პირბადის მოხსნა?

რაც გვაქვს, პირბადის მოხმარება არ არის ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ უკეთესი იქნებოდა უფრო მეტი. ამ ვირუსის შეჩერების სხვა ქმედითი იარაღი, სანამ ვაქცინაცია უფრო მასიური არ გახდება, ჩვენ არ გვაქვს. პირბადის მოხსნა, სამწუხაროდ, ჯერ ადრე იმიტომ, რომ რაღაც პროცენტი უნდა დაგროვდეს აცრილების, რომ შესაძლებელი გახდეს გარე სივრცეში პირბადეების მოხსნის რეკომენდაციის გაცემა. ნახევარს მაინც უნდა გადასცდეს მათი რაოდენობა.

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი?

ვაქცინაცია ცუდად ნამდვილად არ მიდის. საბედნიეროდ, გაჩნდა მოთხოვნა. თბილისში, დიდ ქალაქებში საკმაოდ მაღალია მოთხოვნა, თუმცა, დღესაც კი ასტრაზენეკაზე პირველი დოზებისთვის თავისუფალი ადგილები არის. უფრო მეტი მოთხოვნა გამოჩნდა შედარებით ახალგაზრდა ასაკში, არადა, ხომ ვიცით, რომ საშუალო ასაკს გადაცილებული ადამიანებისთვის, სასიცოცხლო რისკს წარმოადგენს.

როდისთვის იქნება შესაძლებელი, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი აიცრას?

ნახევრაზე მეტი დღეს ნამდვილად ვერ აიცრება, მაგრამ დღესაც შეუძლიათ, ვინც 45 წელს გადაცილებულია, ასტრაზენეკაზე პრობლემა არ არის. თავისუფლად შეიძლება პირველ დოზებზე ჩაწერა. ხვალ გაიხსნება სინოვაკზე და 50 ათასი დოზა იქნება გათვალისწინებული. ივნისის ბოლოდან უფრო ფართოდ შესაძლებელი იქნება იმიტომ, რომ ველოდებით ნახევარ მილიონ დოზა სინოფარმს, ზაფხულის მეორე ნახევარში ფიაზერის მილიონ დოზაზეა მოლაპარაკება, ამას წამოეწევა ნოვოვაქსი, ასტრაზენეკა შემოვა ამსობაში კიდევ და პრინციპში, ზაფხულში უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს ვაქცინაცია. სრულად მიწოდება დაკმაყოფილებული იქნება ზაფხულის თვეებში.

დაფიქსირდა თუ არა ინდური შტამი საქართველოში?

ჯერ ინდური შტამი არ დაფიქსირებულა. ამაზე მეთვალყურეობა მუდმივად მიმდინარეობს. მაგრამ საქართველო დედამიწაზეა და ბოლოს ჩვენამდეც მოაღწევს. აქვე ვიტყვი, რომ ეს ე.წ. ინდური შტამი განსხვავდება კლასიკური შტამებისგან, იგივე ბრიტანული შტამისგან იმით, რომ უფრო ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, ანუ უფრო სწრაფად ვრცელდება. მოგეხსენებათ, ინდოეთიდან ჩამოსულებზე, ორჯერ აცრილებზეც კი ორკვირიანი საკარანტინო რეჟიმი ვრცელდება. დედამიწაზე რაღაც რომ ვრცელდება, ის ადრე თუ გვიან ყველგან მივა. ინდოელი მეცნიერების პირველადი პუბლიკაციები უკვე გამოქვეყნდა, სადაცა არის საუბარი, რომ ვაქცინა საკმაოდ კარგად იცავს ინდური შტამებისგანაც.

როდისთვის იგეგმება კოვიდპასპორტების გაცემა და რა შესაძლებლობები ექნებათ მის მფლობელებს?

კოვიდპასპორტი ჩვეულებრივი ცნობაა, უბრალოდ, ბევრი ინფორმაციაა დატანილი — როდის ხართ აცრილი, რამდენჯერ ხართ აცრილი, გადატანილი გაქვთ თუ არა, ტესტი როდის გაიკეთეთ ბოლოს. ცნობას რომ გაატან ადამიანს, რომ ტესტირებულია და უარყოფითია, ესეც კოვიდპასპორტია, პრინციპში. ამას ეძახიან იმას, როდესაც ყველაფერი ერთად იქნება. ჩვენთან მზად არის ელექტრონული აპლიკაცია, რომელიც შესაძლებელია, ტელეფონში ჩამოტვირთო, რითიც შეგიძლია, აჩვენო როდის გაქვს ტესტი გაკეთებული, როდის ხარ აცრილი, ანუ ყველა ინფორმაცია რომ თავმოყრილი იყოს ერთ კოდში. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ ვიღაცას პრივილეგია აქვს, აქ ლაპარაკია უსაფრთხობაზე, რომ ადამიანი თუ ხარ სხვებისთვის უსაფრთხო, შეგიძლია, რაღაც საქმიანობა აწარმოო. თუ საფრთხეს წარმოადგენ სხვებისთვის, ე.ი. რაღაც შეზღუდვა გექნება.

რა რეკომენდაციებს გასცემთ ვაქცინირებული ადამიანებისთვის?

პირველი აცრის მერე ძალიან ნუ გავთამამდებით იმიტომ, რომ გვაქვს უკვე შემთხვევები, 100 000-ზე მეტი ადამიანი აცრილია და 300-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ერთხელ აცრილებს დაემართათ კოვიდი. მართალია, აბსოლუტურ უმრავლესობაში მსუბუქად მიდის, მაგრამ მაინც დაემართათ. ორი აცრის შემდეგ, თუ ახლობლობაში ყველანი აცრილები ვართ, შეგვიძლია, შევიკრიბოთ, ვისხდეთ უნიღბებოდ უპრობლემოდ, სუფრაც გვქონდეს. ზედმეტი ალკოჰოლი არასდროს არ ვარგა, მაგრამ ერთი-ორი ჭიქის დალევა ვაქცინასთან არანაირ კავშირში არაა. ზომიერად ადამიანმა ვაქცინამდეც შეიძლება დალიოს და ვაქცინის შემდეგაც.

რას ურჩევთ მათ, ვინც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი?

კოვიდგადატანილი ადამიანები აუცილებლად უნდა აიცრან. გვაქვს მეორედ დაავადების შემთხვევებიც.  რაც შეეხება სასმელს, ერთი ჭიქა და ორი ჭიქა პრობლემას არ წარმოადგენს.

 

დასასრულს, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსი ბევრ პრობლემას ტოვებს, განსაკუთრებით, ნევროლოგიურს, სწორედ ამიტომაა სახიფათო მათთვისაც კი, ვინც უკვე გადაიტანა.

 

 

 

 

იტვირთბა....