ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ ავიცილოთ თავიდან გველის დაგესვლა და როგორ მოვიქცეთ კბენის შემთხვევაში – ინტერვიუ ჰერპეტოლოგთან

ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, გველები თავისი ბუდეებიდან გამოდიან და შემოგვიტევენ პერიოდულად ხოლმე. ხშირია გველების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევები და ამ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი და ასევე შხამიანი გველის დაკბენისას როგორ მოვიქცეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტრონომი ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელს ესაუბრა.

  • როგორ ავიცილოთ თავიდან დაგესვლა და როგორ მოვიქცეთ კბენის შემთხვევაში?

“ნებისმიერ ადგილას, სადაც ვიცით, რომ ბინადრობენ შხამიანი გველები, გადაადგილების დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად, შემთხვევით არ დავადგათ ფეხი. თუ გველს დავინახავთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეკაროთ მას, არ მოვინდომოთ დაჭერა ან მოკვლა. ამ შემთხევავში გველი ღიზიანდება და ამ დროს ხდება ძირითადად დაკბენა.

მოსახლეობას, რაც ინფორმაცია შემომდის, ხვდება არაშხამიანი გველები, რომლებიც სრულიად უსაფრთხო არიან ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ასეთმა გველმა ადამიანს რომ უკბინოს, უსაფრთხოა ეს ნაკბენი. რადგან მოსახლეობის უმტესობამ ცნობა არ იცის, შხამიანია თუ არა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივუახლოვდეთ ქვეწარმავალს, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი რამ.

  • როგორ უნდა ამოვიცნოთ შხამიანი გველი?

განსხვავებები, რა თქმა უნდა, არის. ბევრად უფრო მსხვილია შხამიანი გველი სხვა გველებთან შედარებით, – კატისებური თვალი, ვიწრო კისერი, დიდი თავი და მოკლე კუდი აქვს, – ეს უფრო დამახასიათებელია მათთვის, ვიდრე არაშხამიანი გველებისთვის. ვინც არ იცის გველების გარჩევა, რთულია ერთი შეხედვით მიხვედრა.

  • კბენის შემთხვევაში, პირველადი დახმარება როგორ უნდა გავუწიოთ ადამიანს და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დროს?

პირველ რიგში, უნდა გაირკვეს შხამიანი გველის ნაკბენია თუ არა. შხამიანი გველის ნაკბენს აქვს ორი ცალი ნემსისებური ნაჩხვლეტი, შეიძლება ეს ერთი ნაჩხვლეტიც იყოს. არაშხამიანი გველის დაკბენილი არის მრავლობითი ნაჩხვლეტები, ანუ ბევრი წვრილი, ნემსისებური ნაჩხვლეტი. როდესაც გაირკვევა, რომ შხამიანი გველის ნაკბენია, უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.

უმჯობესია ამ დროს ვიყოთ უძრავ მდგომარეობაში, რადგან სისხლის მიმოქცევა სწრაფად არ მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, შხამის გადაადგილება ნელა მიდის. უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე, არა ალკოჰოლური. სითხე ანეიტრალებს შხამს, ალკოჰოლური სასმელი კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არ გამოვიყენოთ ლახტი, არ მოვახდინოთ დასერვა, ამოწოვა. ძველად, ეს ყველაფერი თითქოს შველოდა, არადა პირიქთ მოქმედებს რეალურად. თუ კბენის შემდეგ ალერგიული ფონი განვითარდა, უნდა მივიღოთ ანტიჰესტამინური რაიმე საშუალება, მაგალითად დექსამეტაზოლი.

  • რა ძირითადი სიმპტომები ვლინდება შხამიანი გველის კბენის შემთხვევაში?

პირველ რიგში ვგრძნობთ დაჩხვლეტას, შემდეგ ნაკბილარის გარშემო ვითარდება ძლიერი ტკივილი, რომელიც გადადის უფრო ფართოდ, ანუ ეს ტკივილი ფართოვდება. ხდება ნაკბენის ადგილზე ჩაშავება, ჩალურჯება და ძლიერი ტკივილი. ეს უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს არის შხამიანი გველის ნაკბენი.

  • საბოლოოდ რას იწვევს ეს, რამდენად არის შანსი იმისა, რომ მივიღოთ ფატალური შედეგი?

ფატალური შედეგი არცერთ შემთხვევაში არ დგება, თუ გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. თუ იმ წამს სერიოზული ალერგია არ მისცა, ან დახმარება არ აღმოუჩინეს, ეს შეიძლება დასრულდეს ფატალურად, მაგრამ თუ მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, 99%-ის შემთხვევაშიფ ატალური შედეგი არ დგება.

იტვირთბა....