ახალი ამბები მთავარი

ივანიშვილთან მინდა ჭადრაკის თამაში — ბლიც-ინტერვიუ ვახო მეგრელიშვილთან

რატომ სამეფო? რომელ პოლიტიკოსთან ერთად მოწევდა მარიხუანას და ა.შ. მეტრონომმა გირჩის ლიდერთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

-რომ არა პოლიტიკოსი, ვიქნებოდი…

-მასწავლებელი. მასწავლებელი ვარ ისედაც. ზოგადად, ვასწავლი ეკონომიკას, პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ქიმიას, სამოქალაქო განათლებას.

-ვიმსახურებ…

-ამის ცოდნა შეუძლებელია. საქმიდან გამომდინარე, რაც მაქვს, იმას ვიმსახურებ, ალბათ.

-მაინტერესებს…

-ის, რასაც ახლა ვაკეთებ. პოლიტიკა მაინტერსებს.

-მეშინია…

-მეშინია, დამარცხების. ომში არა და ბრძოლებში დავმარცხებულვარ…

-რომელ პოლიტიკოსთან ერთად მოწევდით მარიხუანას…

-ნებისმიერ პოლიტიკოსთან, ვინც ჩემთან გულწრფელად გაიხსნებოდა.

-ყველაზე სასაცილო დაპირება…

-ბლოქჩეინი ქალაქში.

-რომელ ქართულ ტრადიციას გააუქმებდით…

ჩემი საქმე არ არის ტრადიციების გაუქმება. პირადად არ ვითვალისწინებ ბევრ ისეთ ტრადიციას, რომელიც ფსევდო ტრადიცია მგონია და არ მგონია, რომ ქართულია. საბჭოთა კავშირის დროს რა ტრადიციებიც დაგვრჩა, მაგას ქართულს არ ვეძახი. არ მიყვარს ღრეობა, დიდი სუფრები და ა.შ.

-საქართველოს ნომერი პირველი საფრთხე არის…

ჩვენი მენტალიტეტი. ძალიან შეჩვეული ვართ მორჩილებას. ავტორიტეტბს საკუთარ საღ აზრზე უფრო წინ ვაყენებთ და საკუთარ აზრს არ ვიყენებთ კრიტიკისთვის.

-რა ემოციას ჰგავს პარლამენტში შესვლა…

-ახალი საქმე. ახალ სამუშაოზე რომ მიდიხარ და ახალი ხალხი უნდა გაიცნო, ახალად შეეჩვიო სამუშაო გარემოს.

-რა თამაშს ითამაშებდით ქართული ოცნების წევრებთან ერთად?

-თამაში ერთი გვაქვს და მთავარი მუღამი მოგებაა. ბიძინა ივანიშვილთან მინდა ჭადრაკის თამაში, თუ უყვარს იმას ჭადრაკის თამაში და ზოგადად, თუ უყვარს თამაშები.

-ქართული ოცნების რომელი დეპუტატისგან გრძნობთ ყველაზე მეტ სითბოს?

-თითქმის, ყველა. გაცნობის ეტაპზე ვართ. მოდიან, გვეცნობიან. თითქმის, ყველა კეთილგანწყობილია. ჯერჯერობით საქმემდე არ მივულვართ. როცა განსხვავებული მოსაზრებების გამო კამათი მოგვიწევს, მერე შემიძლია გავაკრიტიკო.

-რას ელოდებოდით და რა დაგხვდათ პარლამენტში?

-პარლამენტში უფრო მეტ ადამიანს, მეტ დუღილს ველოდებოდი და ფაქტობრივად, ცარიელი შენობა დაგვხვდა.

-მოგიტყუებიათ თუ არა ამომრჩეველი?

-ზოგადად, ასეთი პრინციპი მაქვს, რომ ტყუილი არ ვთქვა.

-აღსარება თუ ჩაგიბარებიათ?

-დიახ, რა თქმა უნდა.

-ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ?

-დიუნი წავიკითხე პირველი და მეორე წიგნი.

-რა მუსიკას უსმენთ?

-მუსიკას ვუსმენ კლასიკასაც, თანამედროვე ჟანრებსაც, ელექტრონულს. არ მაქვს სპეციფიკური მუსიკალური გემოვნება, რომ აი, ეს მიყვარს და სხვას არ ვუსმენ-მეთქი, ვერ გეტყვი. კლასიკურ მუსიკაში ყველაზე ხშირად ვუსმენ ერიკ სატიესა და ბახს.

-ყველაზე უცნაური სიზმარი…

-ბავშვობაში ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრებოდა და მხოლოდ ეგ სიზმარი მახსოვს. ავდიოდი კიბეზე, მერე ამ კიბიდან ვვარდებოდი და ვიწყებდი ფრენას.

-რა რჩევას მისცემთ საკუთარ თავს?

-მეტი ყურადღება მივაქციო საკუთარ თავს.

-არაპოლიტიკოსებიდან ვინ იქნებოდა კარგი პოლიტიკოსი?

-წარმომიდგენია, მერაბ მამარდაშვილი რომ პოლიტიკოსი ყოფილიყო თავის დროზე, კარგი იქნებოდა. კახა ბენდუქიძე მართლა დამოუკიდებელი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო თავისი იდეოლოგიით, ჩემი აზრით, ძალიან მაგარი იქნებოდა.

-რას ვერ აპატიებდით იაგო ხვიჩიას?

-რასაც ნებისმიერ ადამიანს, მეგობარს — ტყუილს არ ვაპატიებდი.

-რა არის ის მიჯნა…

-არ არსებობს მიჯნა. არ მიყვარს მიჯნა. არ ვიცი, ვერ ვასრულებ მაგ ფრაზას.

-წითელი ხაზი თუ გაქვთ?

-კი, როგორ არა. წითელ ხაზებს შორის ვმოძრაობთ ყველა, თვითონ ვქმნით ამას, ჩვენივე მორალით იქმნება. ამის მთავარი პოსტულატი არის არა ძალადობას. ამ წითელ ხაზებ შორის მე მშვიდად ვარ, ჩემი მეგობრები მშვიდად არიან.

-რატომ სამეფო?

-როგორც ვიცხოვრეთ ხუთი წელი, ჩვენი პრაქტიკის გათვალისიწნებით, წარმოვიდგენთ, რომ ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მისაღები შიდა ორგანიზების ფორმა, რომელიც პატივისცემაზე და დამსახურებაზეა დაფუძნებული. სიტუაციებით კი არ ვაფასებთ, ვაფასებთ ადამიანის ქმედებებს, საქციელს. აი, ამ საქციელმა განაპირობა ის, რომ ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ისეთი საზოგადოებრივი სტრუქტურა, როგორიც ჩამოგვიყალიბდა. სამეფო ეს არის მეტაფორა იმაზე, რომ ვინც ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას იღებს ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. კონსტიტუციური მონარქიაა, რომელიც დამსახურებებზეა დაფუძნებული.

-ქვეყანას გმირი სჭირდება?

-ჩემი აზრით, არა. გმირების საჭიროების მოთხოვნა არის ჩვენი მთავარი პრობლემა.

 

 

 

 

 

იტვირთბა....