ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოხანაშვილი: ცესკო-ს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ორი მოადგილე – ოპოზიციის მიერ წარდგენილი და პროფესიული ნიშნით შერჩეული

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის საკითხზე, ოპოზიციისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის შეხვედრისას, პოზიციების დაახლოების მოხდა.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, განიხილეს ვერსია, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე – ოპოზიციის მიერ წარდგენილი და პროფესიული ნიშნით შერჩეული უნდა ჰყავდეს.

რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას საჭიროების შემთხვევაში, მოვალეობა ოხანაშვილის თქმით, პროფესიული ნიშნით შერჩეულმა პირმა უნდა შეასრულოს.

“კიდევ უფრო მეტად დაახლოვდა პოზიციები და საკითხები, რომლებზეც შეიძლება ვერ შევთანხდეთ, შემცირდა. რაც შეეხება მოადგილის საკითხს, ჩვენ ვერსიად განვიხილეთ, რომ შესაძლებელია, იყოს ორი მოადგილე – ერთი პროფესიული ნიშნით შერჩეული და ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარდგენილი. მოვალეობის შემსრულებლის საკითხი ისევ დგას ობიექტურ კრიტერიუმზე, რომ ის უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული”, – აცხადებს ოხანაშვილი.

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი მორიგ შეხვედრას ხვალ, 17 მაისს გამართავს.

 

იტვირთბა....