ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელია პარლამენტში შესვლაზე: შემიძლია დღეს საღამოს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილება, მაგრამ განგებ არ ვაკეთებ ამას

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება ბევრს მიღებული აქვს, თუმცა საბოლოო განაცხადამდე სურს, რეგიონებში მხარდამჭერებს შეხვდეს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

“კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს, შესაძლებელია, მეც მქონდეს მიღებული. წინ შეიძლება, ბევრი არაფერი მიდგას, ჩავატარო დღეს საღამოს ბრიფინგი და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება, ანუ ჩემ თავზე ავიღო ის, რაც ლეგიტიმურად განსაკუთრებით, არჩეულმა თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ განგებ არ ვაკეთებ ამას და რატომ? სულ რაღაც 4 დღეა ვარ იქ, სადაც ვარ. არ მინდა უბრალოდ, რომ უპატივცემულობა დავაფიქსირო ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა, თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო ეს გადაწყვეტილება.

მინდა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური. ეს არის მიზეზი, რატომაც ვწელავ დროში ამ პროცესს”, – თქვა ნიკა მელიამ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. შეთანხმება ოპოზიციის ნაწილსა და ქართულ ოცნებას შორის 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით შედგა. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ. დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა.

 

იტვირთბა....